ზაქარია 10
- 1
ითხოვეთ უფლისგან ნაგვიანევი წვიმა შესაფერის დროს, უფალი აელვებს და იძლევა უხვ წვიმას თითოეული მცენარისთვის ველზე.
- 2
ვინაიდან მზაკვრობას ლაპარაკობენ თერაფიმები და ტყუილს ხედავენ მხილველნი. ყალბ სიზმრებს ხედავენ და ლაპარაკობენ, ამაოებით ანუგეშებენ, ამიტომაც ცხვრებივით დახეტიალობენ და იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.
- 3
მწყემსების წინააღმდეგ აენთო ჩემი გულისწყრომა; ვაცებს დავსჯი, ვინაიდან მოინახულებს ცაბაოთ უფალი თავის სამწყსოს, იუდას სახლს და შემართავს მას, როგორც ცხენს თავის დიად ბრძოლაში.
- 4
მისგან გამოვა ქვაკუთხედი და მისგან გამოვა სამსჭვალი, მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი და მისგან გამოვა ერთიანად ყველა მმართველი.
- 5
და იქნებიან გმირებივით, ბრძოლაში რომ მტერს თელავენ ტალახივით; იბრძოლებენ, რადგან უფალია მათთან და შეარცხვენენ მტრის მხედრიონებს.
- 6
გავამაგრებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს! მოვაქცევ მათ, რადგან შევიწყნარე ისინი და იქნებიან ისე, თითქოს არც მიმიტოვებია, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი და შევისმენ მათ ხმას.
- 7
გმირივით იქნება ეფრემი და გამხიარულდება მათი გული, როგორც ღვინისგან; იხილავენ მათი ძენი და გამხიარულდებიან; უფლით გაიხარებს მათი გული.
- 8
დავუსტვენ მათ და შემოვკრებ, ვინაიდან გამოვისყიდე ისინი და გამრავლდებიან, როგორც მრავლდებოდნენ.
- 9
გავფანტე ისინი ხალხებში და გამიხსენებენ შორეულ ქვეყნებში, სადაც იცხოვრებენ თავიანთ ძეებთან ერთად და დაბრუნდებიან.
- 10
მოვაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან და აშურიდან შევკრებ მათ, მოვიყვან გილყადისა და ლიბანის ქვეყანაში და არ მოიძებნება მათთვის საკმაო ადგილი.
- 11
გაჭირვებით გადაივლიან ზღვას და შეიმუსრებიან ზღვაში ტალღები! ამოშრება ნილოსის ღრმულები, დამდაბლდება აშურის ქედმაღლობა, კვერთხი წაერთმევა ეგვიპტეს.
- 12
გავამაგრებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით - ამბობს უფალი.