მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ზაქარია 11

  1. 1

    გააღე შენი კარი, ლიბანო, რომ ცეცხლმა შეჭამოს შენი კედრები.

  2. 2

    მოთქმას მოყევით, კვიპაროსნო, რადგან დაეცა კედარი და განადგურდნენ დიდებული ხეები! მოთქმას მოყევით, ბაშანის მუხებო, რადგან გაუვალი ტყე დაემხო.

  3. 3

    მწყემსთა მოთქმის ხმა გაისმის, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა - ვინაიდან გაიძარცვა იორდანეს სიამაყე!

  4. 4

    ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: დამწყემსე დასაკლავად განწირული ცხვარი,

  5. 5

    მყიდველნი რომ ხოცავენ და არ ისჯებიან, მათი გამყიდველნი კი ამბობენ: კურთხეულ იყოს უფლის სახელი, რადგან გავმდიდრდითო. მწყემსებსაც არ ებრალებათ ისინი.

  6. 6

    ამიტომ მეც აღარ შევიბრალებ ამ ქვეყნის მკვიდრთ - ამბობს უფალი - აჰა, ყოველ კაცს თავისი თვისტომისა და თავისი მეფის ხელში ჩავაგდებ, აიკლებენ ქვეყანას და არ დავიხსნი მათი ხელიდან.

  7. 7

    დავმწყემსავ დასაკლავად განწირულ ცხვარს, გატანჯულ ცხვარს. ორი კვერთხი ავიღე - ერთს წყალობა ვუწოდე, მეორეს - ერთობა, და დავმწყემსავ ცხვარს.

  8. 8

    ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს, რადგან ვეღარ მოუთმინა მათ ჩემმა სულმა და მათ სულსაც მოვბეზრდი.

  9. 9

    ვთქვი: აღარ დაგმწყემსავთ, სასიკვდილო მოკვდეს და გასაწყვეტი გაწყდეს, დანარჩენებმა კი ჭამონ ერთმანეთის ხორცი.

  10. 10

    ავიღე ჩემი კვერთხი - წყალობა - და ნაფოტებად ვაქციე, რათა გამეტეხა ჩემი აღთქმა, ყველა ხალხთან რომ დავდე.

  11. 11

    გატყდა იმ დღეს და მიხვდა ჩემი შემყურე გატანჯული ცხვარი, რომ უფლის სიტყვა იყო ეს.

  12. 12

    ვუთხარი: თუ გეამათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონეს გასამრჯელოდ ოცდაათი ვერცხლი.

  13. 13

    მითხრა უფალმა: მექოთნეს გადაუყარე ის მაღალი ფასი, რომლითაც შემაფასეს. მეც ავიღე ის ოცდაათი ვერცხლი და მექოთნეს გადავუყარე უფლის სახლში.

  14. 14

    შემდეგ მეორე კვერთხი - ერთობა - ვაქციე ნაფოტებად, რათა ძმობა გამეტეხა იუდასა და ისრაელს შორის.

  15. 15

    მითხრა უფალმა: კიდევ აიღე უგუნური მწყემსის აღჭურვილობა,

  16. 16

    რადგან, აჰა, მე დავაყენებ ამ ქვეყანაზე მწყემსს, რომელიც დაღუპვის გზაზე მყოფთ არ მიხედავს, გაფანტულებს არ მოძებნის, ავადმყოფს არ უმკურნალებს, ჯანმრთელებს არ გამოკვებავს; მაგრამ ნასუქალი ცხვრების ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს.

  17. 17

    ვაი, უვარგის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს! მახვილი იქნება მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე! მკლავი მთლიანად შეახმება და დაუბრმავდება მარჯვენა თვალი!