ზაქარია 8
- 1
და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
- 2
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი ეჭვით ვეჭვიანობ სიონზე და დიდი გულისწყრომით ვეჭვიანობ მასზე.
- 3
ასე ამბობს უფალი: დავუბრუნდები სიონს და დავმკვიდრდები იერუსალიმის წიაღში. ამის მერე ერთგულ ქალაქად იწოდება იერუსალიმი და წმიდა მთად - მთა ცაბაოთ უფლისა.
- 4
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისევ დასხდებიან ხანშიშესული კაცები და ქალები იერუსალიმის მოედნებზე, დღეთა სიმრავლის გამო თითოეული თავისი ყავარჯნით ხელში.
- 5
მოთამაშე გოგო-ბიჭებით გაივსება ქალაქის მოედნები.
- 6
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს მეტისმეტად რთულია იმ დღეებში დარჩენილი ხალხის თვალში, განა ჩემს თვალშიც რთულია? - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 7
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გამოვიხსნი ჩემს ხალხს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის ჩასვლის ქვეყნიდან.
- 8
მოვიყვან მათ და დამკვიდრდებიან იერუსალიმის წიაღში! იქნებიან ჩემი ხალხი და ვიქნები მათი ღმერთი, ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.
- 9
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: გაიმაგრეთ ხელები, ვისაც გესმით ამ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ეს სიტყვები, ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების დღეს რომ წინასწარმეტყველებდნენ, რათა აშენებულიყო ტაძარი.
- 10
რადგან იმ დღეებამდე არ ყოფილა საზღაური ადამიანისთვის და საზღაური საქონლის შრომისთვის; არც შემსვლელს ჰქონდა მშვიდობა მტერთაგან და არც გამომსვლელს; ყოველ ადამიანს თავისი მოყვასის წინააღმდეგ ვგზავნიდი.
- 11
ახლა კი ამ დარჩენილი ხალხისთვის ისეთი არ ვარ, როგორც უწინდელ დღეებში - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 12
რადგან სიმშვიდეში დაითესება, ვაზი თავის ნაყოფს გამოიღებს და მიწა - თავისას, ცა თავის ნამს გაიღებს და დარჩენილ ხალხს დავუმკვიდრებ ამ ყოველივეს.
- 13
და მსგავსად იმისა, წყევლად რომ იყავით ხალხებს შორის, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ახლა გიხსნით, რომ კურთხევა იყოთ. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელები.
- 14
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა გადავწყვიტე თქვენთვის, როცა განმარისხეს თქვენმა მამებმა - ამბობს ცაბაოთ უფალი - და არ გადავიფიქრე,
- 15
ისევე გადავწყვიტე, რომ სიკეთე ვუყო იერუსალიმისა და იუდას ხალხს ამ დღეებში. ნუ გეშინიათ!
- 16
ესაა საქმენი, რაც უნდა აღასრულოთ - თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკეთ მოყვასს; ჭეშმარიტებითა და მშვიდობიანი სამართლით განიკითხეთ თქვენს კარიბჭეებში.
- 17
გულში არავინ განიზრახოს ბოროტება მოყვასის მიმართ და ყალბად დაფიცებას ნუ შეიყვარებთ, რადგან მძულს ეს ყოველივე - ამბობს უფალი.
- 18
და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
- 19
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მარხვა მეოთხე თვისა და მარხვა მეხუთესი, მარხვა მეშვიდესი და მარხვა მეათე თვისა სიხარულად, ლხინად და საამურ ზეიმად იქცევა იუდას სახლისთვის, ოღონდ შეიყვარეთ ჭეშმარიტება და მშვიდობა.
- 20
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისევ მოვლენ ხალხები და მცხოვრებნი მრავალი ქალაქისა;
- 21
მივლენ მკვიდრნი ერთი ქალაქისა მეორესთან და იტყვიან: წავიდეთ, შევევედროთ უფალს და ვეძიოთო ცაბაოთ უფალი. მეც წავალო - იტყვიან სხვანი!
- 22
და მოვლენ ხალხნი მრავალნი და ერნი ძლიერნი, რათა ეძიონ ცაბაოთ უფალი იერუსალიმში და ილოცონ მის წინაშე.
- 23
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ დღეებში ათი კაცი ყველა ერისა და ენისგან მოეჭიდება იუდას კაცის სამოსელის კიდეს და იტყვიან: წამოვალთ თქვენთან, რადგან გავიგეთ, რომ თქვენთანაა ღმერთი.