აბაკუმი 1
- 1
ხილვა, რომელიც იხილა წინასწარმეტყველმა აბაკუმმა.
- 2
როდემდე უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? ვღაღადებდე შენ წინაშე ძალადობის გამო და არ მიხსნიდე?
- 3
რატომ მაჩვენებ ურჯულოებას და მახილვინებ ბოროტებას? ძარცვა და ძალადობაა ჩემ წინაშე, დავა და შუღლი მატულობს.
- 4
ამიტომაც დაუძლურდა რჯული და ვეღარ იმარჯვებს სამართალი, ბოროტმოქმედი ჯაბნის მართალს და გამრუდდა სამართალი.
- 5
შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით, გაოცდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ.
- 6
რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, სასტიკ და ფიცხ ხალხს, მთელ ქვეყანაზე რომ მიმოდიან, იმ საცხოვრებლების დასაპატრონებლად, მათ რომ არ ეკუთვნით.
- 7
საშიშნი და შემზარავნი თვითონ არიან საკუთარი თავების რჯულიცა და სამართალიც.
- 8
ჯიქზე უსწრაფესნი არიან მათი ცხენები და ღამის მგლებზე მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრები, შორიდან მოფრინავენ მსხვერპლზე შემართული არწივებივით.
- 9
დასარბევად მოდიან, ქარბუქივით მოექანებიან მათი რაზმები და ქვიშასავით ხვეტენ ტყვეებს.
- 10
მეფეებს დასცინიან, მთავრებს მასხრად იგდებენ. ყველა ციხე-სიმაგრეს დასცინიან, მიწაყრილებს ახვავებენ და იპყრობენ.
- 11
ქარივით გადაივლიან ზღვას, გადაივლიან და დანაშაულს ჩაიდენენ, მათი ძალა მათი ღმერთია.
- 12
განა უძველესი დროიდან არა ხარ, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ მოვკდებით! უფალო, გასასამართლებლად გყავს განწესებული ისინი; ბურჯო ჩემო, სამხილებლად გყავს დადგენილნი.
- 13
მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?
- 14
ზღვის თევზებივით აქციე ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით გახდნენ.
- 15
ანკესით იჭერენ მათ ქალდეველნი, ბადეში აბამენ; ამიტომ ხარობენ და ზეიმობენ.
- 16
ამიტომ სწირავენ მსხვერპლს თავიანთ ბადეს და საკმეველს უკმევენ თავიანთ თევზსაჭერს, რადგან მათგან აქვთ დიდი თევზჭერა და უხვია მათი საჭმელი.
- 17
ნუთუ უსასრულოდ უნდა აშიშვლებდნენ მახვილებს და უმოწყალოდ უნდა ხოცავდნენ ხალხებს?