ნაუმი 3
- 1
ვაი, სისხლიან ქალაქს! მთლიანად სიცრუითა და ძალადობით არის სავსე და არ ეშვება მტაცებლობას.
- 2
შოლტის ცემისა და ბორბლების გრიალის ხმაა; ცხენები ჭიხვინებენ და ეტლები გრიალებენ.
- 3
მხედრები მიჰქრიან, მახვილები ელავენ, შუბები ბრწყინავენ; ბევრია განგმირული, გვამების გროვაა! არ დაითვლება ცხედრები, გვამებზე ბრკოლდებიან მეომრები.
- 4
ეს მეძავის უზომო მრუშობის გამო ხდება, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, თავისი მრუშობით რომ ჰყიდის ხალხებს და თავისი ჯადოქრობით - ტომებს.
- 5
აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - ბოლომდე აგიწევ კალთას, დავანახებ შენს სიშიშვლეს ხალხებს და შენს სირცხვილს - სამეფოებს.
- 6
მოგაყრი სიბინძურეს, წაგბილწავ და სასეიროდ გაქცევ.
- 7
ვინც დაგინახავს, გაგშორდება და იტყვის: ‘გაძარცულია ნინევე! ვინ იგლოვებს მისთვის? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელნი?’
- 8
რითი სჯობიხარ თებეს? ნილოსის მდინარესთან რომ იყო და წყლები რომ ერტყა გარშემო? მისი სიმაგრე ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი.
- 9
ქუშის ქვეყანა იყო მისი ძლიერება და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი იყვნენ მის შემწედ.
- 10
ისიც განდევნეს, ტყვედ წაიყვანეს, მისი ბავშვები ნაკუწებად აქციეს ყოველი ქუჩის თავში; მის დიდებულებზე წილი ყარეს, წარჩინებულებს ბორკილები დაადეს.
- 11
შენც დათვრები და დამალვას მოინდომებ, მტრებისგან თავშესაფარს დაუწყებ ძებნას.
- 12
მწიფენაყოფიანი ლეღვის ხესავითაა ყველა შენი ციხე-სიმაგრე, თუ შეარხიე პირში ჩაუცვივდება მჭამელს.
- 13
აჰა, დიაცებივით არის შენი ხალხი შენს შორის. ფართოდ გაიღო შენი ქვეყნის კარიბჭენი შენი მტრებისთვის, ცეცხლი ჭამს შენს ურდულებს.
- 14
ალყისთვის მოემზადე, წყალი მოიმარაგე და ციხე-სიმაგრენი გაამაგრე; მიდი თიხასთან, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა.
- 15
იქ შეგჭამს ცეცხლი, დაგცემს მახვილი და განადგურდები, როგორც კალიისგან ნადგურდებიან! გამრავლდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით.
- 16
ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია მოვაჭრენი, მაგრამ კალიაც კი მიფრინავს, როცა ფრთებს გაშლის.
- 17
შენი მოხელეები კალიის ღრუბლებს ჰგვანან, შენი მხედართმთავრები ბოცომკალს, ცივ დღეს ქვის კედლებზე მჯდომს; მზე ამოვა, გაფრინდებიან და ვერ გაიგებ მათ ადგილსამყოფელს.
- 18
სძინავთ შენს მწყემსებს, აშურის მეფევ, ისვენებენ შენი დიდებულნი, მთებზე გაიფანტა შენი ხალხი და არავინაა შემკრები;
- 19
არ გიშუშდება ჭრილობა, არ არის კურნება შენი წყლულისთვის; ვინც კი მოისმენს შენს ამბავს, ტაშს შემოჰკრავს შენზე, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?