ნაუმი 2
- 1
აღდგა შენი მიმომფანტველი შენს წინააღმდეგ, დაიცავი სიმაგრეები, თვალი გეჭიროს გზაზე, წელი გაიმაგრე და ძალა მოიკრიბე.
- 2
ვინაიდან დააბრუნებს უფალი იაკობისა და ისრაელის დიდებას, რამეთუ გააპარტახეს იგი მოძალადეებმა და მოსპეს მისი ლერწები.
- 3
მისი ვაჟკაცების ფარი გაწითლებულია, მისი ძლევამოსილი მეომრების სამოსი - მეწამული, ალისფრად ბრდღვიალებენ ბრძოლისთვის გამზადებული ეტლები, ღელავს შუბების ტყე.
- 4
ქუჩებში დაჰქრიან ეტლები, გრუხუნებენ მოედნებზე, ჩირაღდანივით ბრწყინავენ და ელვასავით კვესავენ.
- 5
უხმობს აშურის მეფე თავის რჩეულთ, მაგრამ ბრკოლდებიან თავიანთ სვლაში; გალავნისკენ მიისწრაფიან, იქაც გამაგრებულია დაცვა.
- 6
გახსნილია კარიბჭე მდინარეებისა, წალეკილია სასახლე.
- 7
გაშიშვლებულია ნინევე და მიჰყავთ, მტრედებივით კვნესიან მისი მხევალნი, გულზე იცემენ ხელებს.
- 8
წყალსატევივით იყო ნინევე, მისი დღეების დასაბამიდან. ახლა კი გარბიან მისგან. "შეჩერდით, შეჩერდით!” მაგრამ არავინაა უკან მომხედი.
- 9
დაიტაცეთ ვერცხლი, დაიტაცეთ ოქრო. ბოლო არ უჩანს დაუნჯებულ სიმდიდრეს, ძვირფას ჭურჭელს.
- 10
დაცარიელებული, გაუდაბურებული, გაცამტვერებულია იგი! გულები დნება და მუხლები კანკალებენ, თრთის მთელი მათი სხეული, ყველას ფერმიხდილი აქვს სახე.
- 11
სადღაა ლომთა ბუნაგი და მათი ბოკვრების საკვები ადგილი, სადაც ხვადი და ძუ ლომები დადიოდნენ თავიანთი ბოკვრებით, და არავინ იყო მათი დამაფრთხობელი?
- 12
სადღაა ლომი, რომ იტაცებს თავის ბოკვრებისთვის და გუდავს თავისი ძუ ლომისთვის? ნადავლით რომ ავსებს თავის ბუნაგს და დაგლეჯილი ნანადირევით - თავის საბუდარს?
- 13
აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ - ამბობს ცაბაოთ უფალი - კვამლში ვშთანთქავ შენს ეტლებს და მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. მოვკვეთ მიწიდან შენს ნადავლს და ვეღარ მოისმენ შენი გზირების ხმას.