ნაუმი 1
- 1
ნინევეს განაჩენი; ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი.
- 2
ეჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელი და მრისხანეა უფალი. შურს იძიებს უფალი თავის მოწინააღმდეგეებზე; რისხვას უნახავს თავის მტრებს.
- 3
სულგრძელია და ძლევამოსილია უფალი, დამნაშავეს დაუსჯელად არ დატოვებს; გრიგალშია უფალი და ქარიშხალშია მისი სავალი, მის ფერხთა მტვერია ღრუბელი.
- 4
გაკიცხავს ზღვას და ამოაშრობს, დაშრეტს ყველა მდინარეს. გახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.
- 5
მთები ირყევიან მის ქვეშ და ბორცვები დნებიან. თრთის მის წინაშე დედამიწა, სამყარო და მისი ყოველი მკვიდრი.
- 6
ვინ გაუძლებს მის მრისხანებას? ვინ აიტანს მისი რისხვის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი გულისწყრომა და კლდეები იმსხვრევიან მისგან.
- 7
კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს.
- 8
მაგრამ მოვარდნილი ღვარცოფივით წალეკავს მოწინააღმდეგის ადგილს და ბნელეთამდე სდევნის თავის მტრებს
- 9
რა განიზრახეთ უფლის წინააღმდეგ? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი.
- 10
ეკალ-ბარდებივით გადახლართულნი, ლოთებივით გალეშილნი, ერთიანად გადაიბუგებიან ხმელი ჩალასავით.
- 11
შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, უკანონობის მრჩეველი.
- 12
ასე ამბობს უფალი: "თუმცა ძალით არიან სავსენი და მრავალნიც არიან, მაინც მოიკვეთებიან და გაქრებიან; შენ კი გაგტანჯე იუდავ, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ.
- 13
ახლა კი დავლეწავ უღელს, ქედზე რომ გადგას და დავწყვეტ შენს აპეურებს.
- 14
ასე ბრძანა შენზე უფალმა, ქალაქო: "არ დარჩება შენი სახელი საუკუნოდ; გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლებიდან; საფლავს გაგითხრი, რადგან საძაგელი ხარ”.
- 15
აჰა, მახარობლის ფეხები მოიჩქარის მთებზე, რათა გვაუწყოს მშვიდობა. იზეიმე შენი დღესასწაულები, იუდავ, შეასრულე აღთქმები, რადგან აღარ გაივლის შენში ავკაცი, საბოლოოდ განადგურდა.