აბაკუმი 2
- 1
დავდგები ჩემს სადარაჯოზე, ავალ კოშკზე და დავაყურადებ, რომ ვნახო რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.
- 2
მიპასუხა უფალმა და მითხრა: ჩაწერე ჩვენება და დაფებზე ამოტვიფრე, რომ იოლად წაიკითხოს მკითხველმა.
- 3
რადგან დადგენილ ჟამს ეხება ხილვა, დასასრულს აცხადებს და არ გაცუდდება. თუ დააყოვნებს, დაელოდე, ვინაიდან უცილობლად მოვა, არ დააგვიანებს.
- 4
აჰა, მედიდურ კაცში გულიც არაწრფელია, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.
- 5
ღვინო ცბიერია და არ აძლევს მას მოსვენებას. საფლავივით იფართოებს პირს, სიკვდილივით გაუმაძღარია, თავისთან აგროვებს ყველა ერს და კრებს ყველა ხალხს.
- 6
განა ყველანი საარაკოდ არ გახდიან მას? შაირებითა და ქარაგმებით ილაპარაკებენ მის წინააღმდეგ. იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებსო! როდემდე? და მძიმე ვალდებულებებით იმძიმებსო თავს.
- 7
განა უცებ არ აღდგებიან შენი მევალენი და გამოფხიზლდებიან შენი დამაფრთხობელნი? უსათუოდ მათ ნადავლად იქცევი.
- 8
რადგან გაძარცვე მრავალი ერი, ამიტომ გაგძარცვავს ყველა ხალხი ადამიანის სისხლისღვრისთვის და ქვეყანაზე, ქალაქსა და მასში მცხოვრებლებზე ძალადობისთვის.
- 9
ვაი უმართლოდ ქონების მომხვეჭელს თავისი სახლისთვის, მაღლა რომ მოიწყოს ბუდე უბედურებისგან თავის დასაცავად.
- 10
სირცხვილი განგიზრახავს შენი სახლისთვის, მრავალი ხალხის მოსპობა. დანაშაულს სჩადის შენი სული.
- 11
რადგან ქვა იღაღადებს კედლიდან და ხის ძელი გამოეპასუხება მას.
- 12
ვაი მას ვინც სისხლისღვრით აშენებს დაბას და უსამართლობაზე აფუძნებს ქალაქს.
- 13
განა ცაბაოთ უფლისგან არაა, რომ ცეცხლისთვის შრომობენ ხალხები და ამაოებისთვის იტანჯებიან ერები?
- 14
რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას ავსებენ წყლები.
- 15
ვაი შენ, ღვარძლით შეზავებულ სასმელს რომ ასმევდი შენს მოყვასს, რათა დაგეთრო და მისი სიშიშვლისთვის გეყურებინა.
- 16
სირცხვილით გაძღები პატივის ნაცვლად. ახლა შენც დალიე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე; შენც მოგიბრუნდება ფიალა უფლის მარჯვენისა და სირცხვილი დიდების სანაცვლოდ.
- 17
ვინაიდან ლიბანზე გაწეული ძალადობა დაგფარავს და შიშის ზარი დაგეცემა - ცხოველთა განადგურების, ადამიანთა სისხლისღვრის, ქვეყნის, ქალაქისა და ყველა მასში მცხოვრების აოხრების გამო.
- 18
რა სარგებელია ოსტატის ხელნაკეთი კერპისგან ან ჩამოსხმული ცრუმოძღვრისგან? თუმცა თავის ქმნილებებზეა დანდობილი მუნჯი კერპების გამკეთებელი.
- 19
ვაი მას, ვინც ეუბნება ხეს, გაიღვიძეო; მდუმარე ქვას - გამოფხიზლდიო! განა გასწავლიან რაიმეს ისინი? აჰა, ოქრო-ვერცხლითაა მოჭედილი და არავითარი სული არ არის მასში.
- 20
უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია. მის წინაშე დადუმდეს მთელი ქვეყნიერება.