ოსია 9
- 1
ნუ ხარობ, ისრაელო, სხვა ერებივით ნუ ილხენ, რადგან მრუშობ შენი ღმერთისგან განმდგარი; შეიყვარე საფასური სიძვისა ხორბლის ყველა კალოზე.
- 2
კალო და საწნახელი არ გამოკვებავს და მაჭარი უმტყუნებს მათ.
- 3
არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; დაბრუნდება ეფრემი ეგვიპტეში და უწმიდურ საჭმელს შეჭამენ აშურში.
- 4
არ დაუღვრიან ღვინოს უფალს და არ აამებენ მას თავიანთი მსხვერპლებით; მათი პური გლოვის პურივით იქნება და ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან პური მათი, თავიანთი თავებისთვის ექნებათ და ვერ შეიტანენ უფლის სახლში.
- 5
დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს რას იზამთ?
- 6
რადგან, აჰა, განადგურების გამო წავლენ, მაგრამ ეგვიპტე შეკრებს მათ და მემფისი დამარხავს; მათ ვერცხლის საუნჯეებს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ, მათ კარვებში ნარ-ეკალი ამოვა.
- 7
დადგა სასჯელის დღეები, დადგა შურისგების დღეები. და გაიგებს ისრაელი, რომ დიდი ურჯულოებისა და მტრობის გამო გაუგუნურდა წინასწარმეტყველი და შეიშალა სულის კაცი.
- 8
ეფრემის გუშაგია წინასწარმეტყველი, ჩემს ღმერთთან ერთად, მაგრამ მახეა დაგებული მის ყველა გზაზე და მხოლოდ მტრობაა მისი ღმერთის სახლში.
- 9
ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში, მაგრამ ის გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს.
- 10
ისე ვიპოვე ისრაელი, როგორც ყურძენი უდაბნოში, ისე შევნიშნე თქვენი მამები, როგორც პირველნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ და სირცხვილს მიუძღვნეს თავი; ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.
- 11
ჩიტივით გაუფრინდება დიდება ეფრემს! არც შობადობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!
- 12
შვილებს გაზრდიან, მაგრამ წავართმევ, ერთი კაციც აღარ დარჩებათ და მართლაც ვაი მათ, როცა განვშორდები.
- 13
აჰა, მშვენიერ მდელოზე დარგული ტვიროსივით დავინახე ეფრემი. მაგრამ მკვლელთან გაიყვანს თავის ძეებს იგი.
- 14
მიეცი, უფალო! მაგრამ რას მისცემ? მიეცი მათ მოწყვეტილი მუცელი და გამომშრალი მკერდი.
- 15
გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ბოროტი საქმეების გამო. გავაძევებ მათ ჩემი სახლიდან და აღარასოდეს შევიყვარებ; მეამბოხეა ყველა მათი მთავარი.
- 16
გაიჩეხა ეფრემი, გახმა მათი ფესვები, აღარ გამოიღებენ ნაყოფს. კიდეც რომ შობონ მე მოვაკვდინებ მათი მუცლის ძვირფას ნაყოფს.
- 17
გააძევებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და შეიქნებიან ხალხთა შორის მოხეტიალენი.