ოსია 8
- 1
ბუკს ჩაჰბერეთ! არწივივით დააცხრება მტერი უფლის სახლს, ვინაიდან დაარღვიეს ჩემი აღთქმა და ჩემს რჯულს განუდგნენ.
- 2
შემომღაღადებს ისრაელი: "ღმერთო ჩემო! გიცნობთ შენ!”
- 3
უარყო ისრაელმა კეთილი, მტერი დაედევნება მას.
- 4
მეფეებს ისვამდნენ, მაგრამ არა ჩემგან; მთავრებს იყენებდნენ და არ ვიცოდი. თავიანთი ვერცხლითა და ოქროთი კერპებს იკეთებდნენ, რათა დაღუპულიყვნენ.
- 5
მიგატოვა შენმა ხბომ, სამარია! გიზგიზებს ჩემი რისხვა ამ ხალხზე. როდემდე არ უნდა განიწმიდონ ისინი?
- 6
ვინაიდან ესეც ისრაელისგანაა - ოსტატის ნაკეთობაა და არა ღვთისა, ამიტომაც ნამსხვრევებად იქცევა სამარიის ხბო.
- 7
რადგან ქარი დათესეს და ქარიშხალს მოიმკიან. ყანა არის მაგრამ თავთავი არა აქვს, მარცვალს არ იძლევა; თუ მისცემს, უცხონი შთანთქავენ მას.
- 8
ჩაიყლაპა ისრაელი; უსარგებლო ჭურჭელივით გახდა ახლა ხალხთა შორის.
- 9
რადგან აშურში ავიდნენ ისინი, მარტოდმარტო მოხეტიალე კანჯარივით; საყვარლები დაიქირავა ეფრემმა.
- 10
და თუმცა ერებს შორის ქირაობდა, ახლა შევკრებ მათ და დამცირდებიან მეფისა და მთავართა უღლის ქვეშ.
- 11
რადგან ცოდვისთვის გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლონი, შეცოდების სამსხვერპლოებად ექცა მას ისინი.
- 12
ჩემი მთავარი კანონები დავუწერე მას, მაგრამ უცხო სწავლებად შერაცხა.
- 13
ჩემთვის მსხვერპლის შემოსაწირად საკლავი მოყავთ და ჭამენ მას, თუმცა, არ ღებულობს მათ უფალი. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეს დაუბრუნდებიან ისინი.
- 14
დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და საკერპოები აიშენა; გამაგრებული ქალაქები გაიმრავლა იუდამ; მაგრამ ცეცხლით ვშთანთქავ მის ქალაქებს და მის სასახლეებს.