ოსია 7
- 1
ისრაელს რომ ვკურნავდი, მაშინ გამოაშკარავდა ეფრემის ურჯულოება და სამარიის ბოროტება, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; ქურდი სახლში იპარება, ყაჩაღი ქუჩაში ესხმის თავს.
- 2
არც უფიქრიათ გულში, რომ ყოველი მათი ბოროტება მახსოვს; ახლა მათივე საქმეებია მათ გარშემო, ჩემს წინაშე არიან ისინი.
- 3
თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი სიცრუით - მთავრებს.
- 4
ყველანი მრუშობენ ხაბაზის გახურებული ღუმელივით, ცეცხლს რომ ანელებს, ვიდრე ახალი ცომი არ გაფუვდება.
- 5
ჩვენი მეფის ლხენის დღეს ღვინით წაიბილწნენ მთავრები, ის კი მასხარებს უწვდის ხელს.
- 6
რადგან ღუმელივით გახურდნენ თავიანთ გულისთქმებში; გამონელდება თონე მთელი ღამის ძილში, დილით კი კვლავ აგიზგიზებული ცეცხლივით აღეგზნება.
- 7
ღუმელივით გახურდა ყველა, თავიანთ მსაჯულებს ჭამენ; განმდგარია მათი ყველა მეფე, აღარავინ მიხმობს მათ შორის.
- 8
ხალხებს შეერია ეფრემი, გადაუბრუნებული კვერივით შეიქნა.
- 9
უცხონი ჭამენ მის ძალას, მას კი ვერ გაუგია; ჭაღარა შეერია, მას კი არ შეუმჩნევია.
- 10
ისრაელის ამპარტავნება მოწმობს მისსავე წინააღმდეგ, მაინც არ მოექცნენ უფლისკენ, თავიანთი ღმერთისკენ, არ მოძებნეს იგი.
- 11
ბრიყვი და უგუნური მტრედივით იქცევა ეფრემი - ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან.
- 12
წავლენ თუ არა, ჩემს ბადეს გავშლი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი, როგორც გაფრთხილებულნი იყვნენ თავიანთ კრებულში.
- 13
ვაი მათ, რადგან განმიდგნენ! განადგურება მათ, რადგან ჩემს წინააღმდეგ აღდგნენ! გამოვისყიდიდი მათ, მაგრამ სიცრუეს ლაპარაკობენ ჩემს წინააღმდეგ.
- 14
გულიდან არ შემომღაღადებენ, როცა კვნესიან თავიანთ საწოლებზე; ხორბლისა და ღვინის გამო იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.
- 15
ვმოძღვრავდი, მკლავს ვუმაგრებდი, მაგრამ მაინც ბოროტი განიზრახეს ჩემს წინააღმდეგ.
- 16
მიიქცნენ, მაგრამ არა უზენაესისკენ, მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უკუღმართი ენის გამო და დასაცინად შეიქნებიან ეგვიპტის ქვეყანაში.