ოსია 10
- 1
განტოტვილი ვაზია ისრაელი, ნაყოფიერი: რაც უფრო მრავლადაა მისი ხილი, მით უფრო გაიმრავლა სამსხვერპლოები, რაც უფრო კარგი იყო მისი ქვეყანა, მით უფრო დაამშვენა სვეტები.
- 2
გაიყო მათი გული, ამიტომაც დაისჯებიან - ის დაანგრევს მათ სამსხვერპლოებს, ის გაანადგურებს მათ ძეგლებს.
- 3
ამბობენ: მეფე არა გვყავს, ვინაიდან არ გვეშინია უფლისა, მეფე კი - რას გაგვიკეთებსო ჩვენ?
- 4
ფუჭად ლაპარაკობენ, ყალბად იფიცებენ, კავშირებს კრავენ; ამიტომაც აღმოცენდება განკითხვა, როგორც შხამიანი ბალახი ყანის კვლებში.
- 5
ბეთ-ავენის ხბოს გამო შეშინდებიან სამარიის მკვიდრნი, ხბოს გლოვობენ ხალხი და მისი ქურუმები, მასზე რომ მხიარულობდნენ, რადგან გასცილდა მას მისი დიდება.
- 6
თვითონაც აშურში იქნება წაყვანილი, საჩუქრად მეფე იარებთან. სირცხვილს იტვირთავს ეფრემი და შერცხვება ისრაელს თავისი ზრახვებისა.
- 7
გაქრება სამარიის მეფე, როგორც ქაფი წყლის პირზე.
- 8
აოხრდება სიმაღლენი ავენისა - ისრაელის ცოდვისა, ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს - დაგვიფარეთო; და მაღლობებს - ზემოდან დაგვემხეთო.
- 9
გიბყას მთის დღეებიდან სცოდავდი, ისრაელო! იქ დაიდგი სამსხვერპლოები, განა არ მოეწევა გიბყას უმართლობის ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება?
- 10
მოვისურვე მათი დასჯა - შეიკრიბებიან მათზე ხალხები და შეიბოჭებიან მათი ორმაგი ურჯულოების გამო.
- 11
გაწვრთნილი დეკეულივითაა ეფრემი, ლეწვას მიჩვეული. მე გადავატარებ უღელს მის ნასუქალ ქედზე, დავადგამ და მოხნავს იუდა, იაკობი კი დაფარცხავს.
- 12
სიმართლეში თესეთ თქვენთვის და მოიმკეთ წყალობაში. გატეხეთ თქვენი ყამირი, რადგან უფლის მოძიების ჟამია, სანამ მოვა და გაწვიმებთ სიმართლეს.
- 13
ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.
- 14
ჩოჩქოლი ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაინგრევა, როგორც შალმანმა დაანგრია ბეთარბელი ბრძოლის დღეს, როცა შვილებს დააკლეს დედა.
- 15
ასე მოგექცევა ბეთელი შენი დიდი ბოროტების გამო, დადგება განთიადი და ბოლომდე აღმოიფხვრება ისრაელის მეფე.