ეზეკიელი 22
- 1
იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2
"შენ კი, ძეო კაცისავ! განიკითხავ და გაასამართლებ სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე მას მთელი მისი სისაძაგლე!
- 3
ეტყვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქალაქო, სისხლს ღვრი შენს შუაგულში, რათა მოვიდეს შენი დრო; კერპებს იკეთებ შენთვის, რათა შეიბილწო.
- 4
სისხლით, რაც დაღვარე, ბრალი დაგედო და წაიბილწე კერპებით, რაც გაიკეთე. დაიახლოვე შენი დღე და მიაღწიე შენს ასაკამდე. ამის გამო მიგცემ შესარცხვენად ხალხებს და დასაცინად - ყველა ქვეყანას.
- 5
დაგცინებენ ახლობელნი და შორეულნი, სახელგატეხილო და შფოთით აღსავსევ!
- 6
აჰა, მთავარნი ისრაელისა, თითოეული თავისი შეძლებისამებრ ცდილობდა, რომ სისხლი დაეღვარა.
- 7
მამას და დედას არად აგდებენ შენში, მწირს ჩაგრავენ, ობოლს და ქვრივს ატყუებენ.
- 8
ჩემი სიწმიდე აბუჩად აიგდე და ჩემი შაბათები შებღალე.
- 9
ცილისმწამებელნი იყვნენ შენში, რათა სისხლი დაეღვარათ; მაღლობებზე ჭამდნენ შენში და გარყვნილებას ეწეოდნენ.
- 10
მამის სიშიშვლეს აჩენდნენ შენში, უწმიდურსა და წიდოვანს ნამუსს ხდიდნენ.
- 11
ზოგი თავისი მოყვასის ცოლთან სჩადიოდა სისაძაგლეს, ზოგი თავის რძალს ბილწავდა გარყვნილებით და ზოგიც - თავის დას, თავისი მამის შვილს ხდიდა ნამუსს.
- 12
ქრთამს იღებდნენ შენში სისხლის დასაღვრელად, ვახშსა და სარგებელს იღებდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მოყვასზე, მე კი დამივიწყე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 13
"და, აჰა, ჩემი ხელით წარვხოცავ ძარცვით შეძენილს და შენს სისხლს, რომელიც შენს წიაღში დაიღვარა.
- 14
გადაიტანს შენი გული, ან თუ განგიმტკიცდება ხელი იმ დღეებში, მე რომ ვამზადებ შენთვის? მე, უფალმა, ვილაპარაკე და კიდეც აღვასრულებ!
- 15
ერებში გაგფანტავ! ქვეყნებში გაგაბნევ და მოვსპობ შენს უწმიდურებას!
- 16
მიიღებ შენს საზღაურს ერების თვალწინ და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!”
- 17
იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 18
"ძეო კაცისავ! ისრაელის სახლი ჩემთვის წიდად იქცა; ყველანი სპილენძივით, კალასავით, რკინასა და ტყვიასავით არიან ბრძმედში, ვერცხლის წიდასავით.
- 19
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ყველანი წიდად იქეცით, მოგაქუჩებთ შუაგულ იერუსალიმში,
- 20
როგორც ვერცხლსა და სპილენძს, რკინას, ტყვიასა და კალას აქუჩებენ ღუმელში, რათა ცეცხლი შეუნთონ გამოსადნობად, ასე მოგაქუჩებთ ჩემს რისხვასა და გულისწყრომაში და დაგდებთ გადასადნობად.
- 21
შეგკრებთ, შემოგინთებთ ჩემი წყრომის ცეცხლს და გადადნებით.
- 22
როგორც ვერცხლი დნება ღუმელში, ისე დადნებით მის წიაღში და გაიგებთ, რომ მე, უფალმა, გადმოვღვარე ჩემი გულისწყრომა თქვენზე”.
- 23
კიდევ იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
- 24
"ძეო კაცისავ! უთხარი მას: განუწმედავი მიწა ხარ, არც წვიმით დანამულხარ მრისხანების დღეს.
- 25
შეთქმულება მოაწყვეს შენს წიაღში შენმა წინასწარმეტყველებმა, მბრდღვინავი ლომივით, ნადავლს რომ გლეჯს; სიცოცხლის მთქვლეფავნი ქონებასა და ძვირფასეულობას აქუჩებდნენ, ქვრივებს ამრავლებდნენ შენში.
- 26
მღვდლები ჩემს რჯულს აყალბებდნენ და ჩემს წმიდას ბღალავდნენ; წმიდასა და წაბილწულს არ არჩევდნენ, უწმიდურსა და სუფთაზე არ მიუთითებდნენ, ჩემს შაბათებს თვალს არიდებდნენ და უპატიოდმყვეს მათ შორის.
- 27
შენი მთავრები შენს წიაღში, მგლებივით გლეჯდნენ ნადავლს სისხლის დასაღვრელად და სულთა დასაღუპად, რათა ნაძარცვით ესარგებლათ.
- 28
შენი წინასწარმეტყველნი ამაო ხილვების ბათქაშით ათეთრებდნენ, ტყუილს ჩხიბავდნენ და ამბობდნენ: ასე ამბობსო ღმერთი, უფალი! უფალს კი არ ულაპარაკია!
- 29
ჩაგრავდა და ძარცვავდა ამ ქვეყნის ხალხი, ღარიბსა და ღატაკს ატყუებდა და ხიზანს უსამართლოდ ავიწროებდა.
- 30
ვეძიებდი მათში კაცს, ზღუდის ამშენებელს, ნაპრალში ჩამდგომს ამ ქვეყნისთვის ჩემ წინაშე, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვპოვე.
- 31
ამიტომაც გადმოვღვრი მათზე ჩემს მრისხანებას, ჩემი გულისწყრომის ცეცხლში ვშთანთქავ მათ და მათივე თავებზე მოვაქცევ მათ გზებს!” - ამბობს უფალი ღმერთი.