ეზეკიელი 23
- 1
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2
"ძეო კაცისავ! იყო ორი ქალი, ერთი დედის ასულნი.
- 3
მეძავობდნენ ისინი ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე როსკიპობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი, იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულობის დვრილნი.
- 4
მათი სახელები იყო: უფროსს ოჰოლა ერქვა, მის დას - ოჰოლიბა. ჩემები გახდნენ ისინი და შვეს ძენი და ასულნი. ეს არის მათი სახელები: ოჰოლა სამარიაა და ოჰოლიბა - იერუსალიმი.
- 5
გამეძავდა ოჰოლა ჩემს ხელში, ეტრფოდა თავის საყვარლებს, აშურელებს, თავის მეზობლებს.
- 6
ძოწეულით იყვნენ შემოსილნი, სარდლები და ერისმთავრები; სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენებზე ამხედრებული ცხენოსნები;
- 7
მათთან როსკიპობდა, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა; ყველა მათი კერპით შეიბილწა თავი.
- 8
არ შეუწყვეტია მეძავობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან იწვა ყმაწვილობაში, მათ სრისეს მისი ნორჩი მკერდი და მასზე დაღვარეს თავიანთი გარყვნილება.
- 9
ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურის ძეთა ხელში, რომლებსაც ეტრფოდა.
- 10
მათ გამოაჩინეს მისი სიშიშვლე, მისი ძენი და ასულნი წაიყვანეს, თავად კი მახვილით მოკლეს. ამიტომ იქცა იგავად ქალთა შორის, როცა სამართალი აღუსრულეს.
- 11
დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ და მასზე მეტად გაირყვნა; თავისი მეძავობით თავისი დის როსკიპობას გადააჭარბა.
- 12
აშურელებს ეტრფოდა, სარდლებსა და ერისმთავრებს, თავის მეზობლებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ცხენებზე ამხედრებულ ცხენოსნებს, სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.
- 13
დავინახე, რომ შეიბილწა - ერთი გზა ჰქონდა ორივეს.
- 14
მაგრამ უმატა თავის როსკიპობას: დაინახა კედელზე მოხატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, სინგურით დახატული,
- 15
წელზე სარტყელშემორტყმულნი, თავზე დოლბანდჩამოშვებულნი, მხედართმთავრების მსგავსნი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, რომელთა მშობლიური ქვეყანა ქალდეაა.
- 16
დაინახა და ვნებით აინთო მათ მიმართ; მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში.
- 17
მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცელისთვის და შებილწეს იგი თავიანთი გარყვნილებით. მათთან ერთად შეიბილწა და გული აიყარა მათზე.
- 18
გამოაჩინა თავისი როსკიპობა და გამოაჩინა თავისი სიშიშვლე; მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა აყრილი.
- 19
ის კი ამრავლებდა თავის მეძავობას, იხსენებდა რა თავისი სიყმაწვილის დღეებს, როცა ეგვიპტის ქვეყანაში მრუშობდა;
- 20
ეტრფოდა იგი თავის საყვარლებს, რომელთა ხორციც ვირების ხორცია და რომელთა ვნებაც ულაყთა ვნებაა.
- 21
ასე მოგნატრებია შენი სიყმაწვილის დროინდელი გარყვნილება, როცა ეგვიპტელნი გისრესდნენ ნორჩ ძუძუებს!
- 22
ამიტომ, ოჰოლიბავ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, გული რომ აგიყრია მათზე, და შემოგისევ ყოველი მხრიდან.
- 23
ბაბილონის ძეებს და ყველა ქალდეველს, ფეკოდელს, შოაყელს, კოაელს და აშურის ყველა ძეს მათთან ერთად, სანატრელ ჭაბუკებს, სარდლებსა და ერისმთავრებს, მხედართმთავრებსა და სახელოვან ხალხს, ყველა ცხენოსანს;
- 24
იარაღით გამოვლენ შენს წინააღმდეგ, ეტლებითა და უამრავი ხალხით. გარს შემოგადგებიან დარაკითა და ფარ-მუზარადით. მათ ხელთ გადაგცემ სამსჯავროდ და თავიანთი სამართლით გაგასამართლებენ.
- 25
ჩემს შურს მოვაქცევ შენზე და სასტიკად მოგექცევიან; ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენნი მახვილით დაეცემიან; შენს ძეებსა და ასულებს გაირეკავენ, ცოცხლად დარჩენილებს კი ცეცხლი შეჭამს.
- 26
სამოსელს გაგაძრობენ და სამკაულებს აგართმევენ.
- 27
ბოლოს მოვუღებ შენს ვნებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ როსკიპობას, აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტეს მეტად აღარ გაიხსენებ.
- 28
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მათ ხელში ჩაგაგდებ, ვინც შეიძულე; იმათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.
- 29
სიძულვილით მოგექცევიან, მთელ შენს ქონებას წაიღებენ, შიშველ-ტიტველს დაგაგდებენ და გამოჩნდება შენი მრუშობის სიშიშვლე, შენი გარყვნილება და მეძავობა.
- 30
ასე დაგემართება, რადგან ერებთან მრუშობდი და კერპებით იბილწავდი თავს.
- 31
შენი დის გზით დადიოდი და მის ფიალას მოგცემ ხელში.
- 32
ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის ფიალას დალევ, ღრმასა და ფართოს! სასაცილო და მასხრად აგდებული იქნები, რადგან ბევრს იტევს იგი.
- 33
სიმთვრალითა და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთილებისა და განადგურების ფიალაა, შენი დის, სამარიის ფიალა.
- 34
დალევ, ფსკერამდე ამოაშრობ, კიდეებს დაუხრავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 35
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან დამივიწყე და ზურგი მაქციე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილებისა და მრუშობის სასჯელი”.
- 36
მითხრა უფალმა: "ძეო კაცისავ! გაასამართლებ ოჰოლასა და ოჰოლიბას? მაშინ გამოუცხადე მათ თავიანთი სისაძაგლეები.
- 37
რადგან როსკიპობდნენ და სისხლიანი აქვთ ხელები; კერპებთან მრუშობდნენ და თავიანთ ძეებს, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად.
- 38
ესეც გამიკეთეს - ჩემი საწმიდარი შებილწეს იმ დღეს და ჩემი შაბათები შებღალეს.
- 39
რადგან, როცა თავიანთ ძეებს სწირავდნენ კერპებს, იმავე დღეს შედიოდნენ ჩემს საწმიდარში, რომ შეებილწათ იგი. ასე იქცეოდნენ ჩემს სახლში.
- 40
ამას გარდა, შორეულ ქვეყნებში აგზავნიდნენ მოციქულებს, რათა კაცები მოსულიყვნენ შენთან. და, აჰა, მოდიოდნენ კიდეც ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკაულებით იმკობდი თავს.
- 41
ბრწყინვალე საწოლზე ჯდებოდი, წინ გაშლილი ტაბლა გედო, ზედ ჩემს საკმეველსა და ზეთს აწყობდი.
- 42
უზრუნველი ბრბოს ხმით იყო გარემოცული, იქ შეკრებილ კაცებთან მოჰქონდათ ღვინო უდაბნოდან. სამაჯურებით გიმკობდნენ ხელებს და მშვენიერ გვირგვინებს გადგამდნენ თავზე.
- 43
ვთქვი ამ მრუშობით გაცვეთილზე: დაე, მოექცნენ მას, როგორც მეძავს, რადგან ასეთია ის.
- 44
შედიოდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან, ისე შედიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან.
- 45
მართალი კაცები გაასამართლებენ მათ მრუშობის სასამართლოთი და სისხლისღვრის სასამართლოთი, რადგან მრუშნი არიან და სისხლიანი აქვთ ხელები.
- 46
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი ისინი შიშის ზარსა და ძარცვა-გლეჯას!
- 47
ქვით ჩაქოლავს მათ ბრბო და მახვილით აკუწავს; მათ ძეებსა და ასულებს მოსრავენ და მათ სახლებს ცეცხლში დაწვავენ.
- 48
ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყველა ქალი; თქვენნაირად აღარავინ გაირყვნება.
- 49
თქვენ გადაიხდით თქვენივე გარყვნილების საფასურს და სასჯელს იტვირთავთ თქვენი კერპების გამო; ასე გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!”