ეზეკიელი 21
- 1
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2
"ძეო კაცისავ! იერუსალიმისკენ მიმართე სახე, საწმიდარის წინააღმდეგ იქადაგე და ისრაელის მიწის წინააღმდეგ იწინასწარმეტყველე.
- 3
უთხარი ისრაელის მიწას: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, მახვილს ვიშიშვლებ ქარქაშიდან და მოვკვეთავ შენგან მართალსაც და ბოროტეულსაც.
- 4
რადგან მოვკვეთავ შენგან მართალსაც და ბოროტეულსაც, ამიტომ ვიშიშვლებ მახვილს ქარქაშიდან ყოველი ხორციელის წინააღმდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
- 5
გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, ვიშიშვლე მახვილი ქარქაშიდან და მეტად აღარ ჩაეგება.
- 6
შენ კი, ძეო კაცისავ! იგლოვე გულგატეხილმა, სიმწრით იკვნესე მათ თვალწინ!
- 7
როცა გკითხავენ: რაზე კვნესიო? უთხარი: იმ ამბის გამო, რომელიც მოდის, ყოველი გული დადნება, ყოველი ხელი მოდუნდება, ყოველი სული დაუძლურდება, ყოველი მუხლი გაწყალდება. აჰა, მოდის და ასეც მოხდება! ამბობს უფალი ღმერთი”.
- 8
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 9
"ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გაილესა და გაპრიალდა.
- 10
გალესილია, რომ დაკლას; გაპრიალდა, რომ ელვასავით განათდეს! არ უნდა გვიხაროდეს, რომ ჩემი ძის კვერთხმა მოიძულა ყველა ხე?
- 11
მიცემულია ასაპრიალებლად, რომ ხელი მოეჭიდოს; გალესილია ეს მახვილი და გაპრიალებული, რომ მკვლელს გადაეცეს ხელში.
- 12
იტირე, მოთქმით იტირე, ძეო კაცისავ! რადგან ჩემი ხალხის წინააღმდეგ არის იგი, ისრაელის ყველა მთავრის წინააღმდეგ. მახვილს არიან გადაცემულნი ჩემს ხალხთან ერთად, ამიტომ მკერდზე ირტყი ხელი უბედურებისგან.
- 13
რადგან დადგა გამოცდის ჟამი, და რა იქნება, თუ კვერთხი, რომელსაც მსჯავრი გამოაქვს, აღარ იქნება!” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 14
"შენ კი, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე, ხელი ხელს შემოჰკარი და სამგზის გაორკეცდეს მუსვრის მახვილი, დიდი შემუსვრის მახვილია ეს, მათ გარშემო რომ არის.
- 15
რომ გული დაუდნეთ და მრავალი დაეცეს მათ კარიბჭეებთან. ელვასავით ბრწყინვალე მახვილი მივეცი, აჰა, დასაკვრელად არის გაკეთებული, შესამუსრად არის ალესილი.
- 16
მახვილო! მარჯვნივ გასწი, მარცხნივ გასწი, საითკენაც შენი პირია მიმართული.
- 17
მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და რისხვას დავიცხრობ; მე, უფალმა ვილაპარაკე”.
- 18
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 19
"შენ კი, ძეო კაცისავ! ორი გზა დაადგინე ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად; ერთი ქვეყნიდან გამოვა ორივე. მონიშნე ადგილი, ქალაქის გზის დასაწყისში მონიშნე.
- 20
ერთი გზა დაადგინე მახვილის მოსასვლელად ყამონის ძეთა რაბაში და მეორე იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში.
- 21
მარჯვენა ხელით იერუსალიმს ერგო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები და პირი გაეღოთ ჟლეტვისთვის, ხმა აღემაღლებინათ საომარი ყიჟინით და ტარანები კარიბჭეებისკენ მიემართათ, აღემართათ მიწაყრილები, აეშენებინათ გოდლები.
- 22
მარჯვენა ხელით იერუსალიმს ერგო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები და პირი გაეღოთ ჟლეტვისთვის, ხმა აღემაღლებინათ საომარი ყიჟინით და ტარანები კარიბჭეებისკენ მიემართათ, აღემართათ მიწაყრილები, აეშენებინათ გოდლები.
- 23
ეს კი ამაო მკითხაობასავით იქნება მათ თვალში, ფიცით კი შეჰფიცეს, მაგრამ ის გაიხსენებს მათ ურჯულოებას და შეიპყრობს მათ.
- 24
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თავად გაიხსენეთ თქვენი ურჯულოება, გამოაშკარავდა თქვენი დანაშაული და გამოჩნდა თქვენი ცოდვა თქვენს ყველა ნამოქმედარში, ხელით იქნებით შეპყრობილნი.
- 25
შენ კი, უწმიდურო ბოროტეულო, ისრაელის მთავარო, რომლის დღეც დადგა, რომ ბოლო მოეღოს დანაშაულს,
- 26
ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე დოლბანდი და ჩამოიღე გვირგვინი. ასე აღარ იქნება, დამდაბლებული ამაღლდება და ამაღლებული დამდაბლდება.
- 27
ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ და ესეც აღარ ექნება, სანამ არ მოვა ის, რომელსაც სამართლიანად ეკუთვნის იგი - მე გადავცემ მას.
- 28
შენ კი, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონის ძეებზე და მათ შერცხვენაზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული ჩასახოცად, გაპრიალებულია შესამუსრად, რომ ელვასავით იყოს.
- 29
ყალბ ხილვებს ხედავენ შენთვის და ტყუილს მკითხაობენ, რათა დახოცილ ბოროტეულთა კისერზე დაგდონ, რომელთაც დაუდგათ დღე, რომ ბოლო მოეღოს დანაშაულს.
- 30
ჩააგე ქარქაშში; შენი გაჩენის ადგილას, შენი შობის ქვეყანაში გაგასამართლებ.
- 31
ჩემს რისხვას გადმოვღვრი და ჩემი წყრომის ცეცხლს დავბერავ შენზე; ხელთ მიგცემ ხალხს, მძვინვარესა და მკვლელობაში დახელოვნებულს.
- 32
ცეცხლის შესაჭმელი გახდები, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში დაგუბდება და არავინ გაგიხსენებს, რადგან მე უფალმა ვილაპარაკე”.