იერემია 15
- 1
და მითხრა უფალმა: "თვით მოსე და სამუელი რომ დადგნენ ჩემ წინაშე, აღარ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე; მომაშორე, წავიდნენ.
- 2
და იქნება, როცა იკითხავენ, საით წავიდეთო? მაშინ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ვინც სასიკვდილო სენისთვისაა განწირული - სასიკვდილო სენისკენ, ვინც მახვილისთვის - მახვილისკენ, ვინც შიმშილისთვის - საშიმშილოდ და ვინც ტყვეობისთვის - ტყვეობაში!
- 3
ოთხნაირი სასჯელი დაატყდებათ თავს, ამბობს უფალი, მახვილი - მოსაკლავად, ძაღლები - სათრევად, ცის ფრინველები და მიწის მხეცები - შესაჭმელად და მოსასპობად.
- 4
საფრთხობელად ვაქცევ მათ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის, მენაშე ხიზკიას ძის, იუდას მეფის ნამოქმედარის გამო იერუსალიმში.
- 5
ვინ შეგიბრალებს, იერუსალიმო? ვინ გიგლოვებს? ვინ მობრუნდება შენი სიკეთის მოსაკითხად?
- 6
აკი მიმატოვე, ამბობს უფალი, ზურგი მაქციე. მეც გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე შებრალებით.
- 7
ფიწლით გაგფანტავ ქვეყნის კარიბჭეში, შვილებს წაგართმევ და მოგსპობ, ჩემო ხალხო, რადგან არ ბრუნდები შენი გზებიდან.
- 8
ზღვაში ქვიშაზე მეტად გამიმრავლდა მისი ქვრივები; მოვაწევ მათი ჭაბუკების დედებს შუადღის მძარცველს, მოულოდნელად დავცემ მათზე ძრწოლასა და ელდას.
- 9
გათანგულია შვიდი შვილის მშობელი, სულს ღაფავს; დღისით ჩაესვენა მისი მზე, შერცხვენილი და თავმოჭრილია; მათ ნარჩენს კი მახვილს მივცემ მტრის წინაშე, ამბობს უფალი.
- 10
ვაიმე, დედაჩემო, ვინაიდან მთელ ქვეყანასთან საკამათოდ და საჩხუბრად მშობე; ვახშით არავისთვის მიმიცია, და არც ვინმეს მოუცია ჩემთვის ვალად, მაგრამ ყველა მე მწყევლის.
- 11
და თქვა უფალმა: "ნამდვილად გიხსნი შენ სიკეთისთვის და ჭეშმარიტად შემოგევედრება მტერი გაჭირვების ჟამს!
- 12
განა გატეხავს ვინმე რკინას? ჩრდილოეთის რკინასა და თითბერს?
- 13
შენს სიმდიდრესა და საუნჯეს, საზღვრებში რომ გაქვს, საძარცვად მივცემ, უსასყიდლოდ, ყველა შენი ცოდვის გამო.
- 14
წავაყვანინებ შენს თავს შენი მტრების ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღენთო ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც თქვენზე აგიზგიზდა”.
- 15
შენ იცი, უფალო. გამიხსენე, მომინახულე და შური იძიე ჩემ გამო ჩემს მდევნელებზე; შენი სულგრძელობით ნუ განმირისხდები. შენ იცი, რომ შენ გამო ვიტან დამცირებას.
- 16
ვპოვე შენი სიტყვები და ვჭამე ისინი. სიხარულად მექცა შენი სიტყვები და გულის მხიარულებად, ვინაიდან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.
- 17
არც მოლაყბეთა წრეში ვმჯდარვარ და არც მიმხიარულია; შენი ხელის წინაშე ვიჯექი მარტოობაში, რადგან რისხვით ამავსე.
- 18
რად გამიგრძელდა ტკივილი სამუდამოდ? რატომ არ ინკურნება ჩემი დამაუძლურებელი ჭრილობა? თითქოს მაცდურ წყაროდ და არასაიმედო წყლად მექეცი.
- 19
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "თუ მომიბრუნდები, აღგადგენ და ჩემ წინაშე დადგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ უვარგისისგან, ჩემი ბაგე იქნები. ადამიანები შენკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.
- 20
მიუდგომელ სპილენძის გალავნად დაგადგენ ამ ხალხის წინაშე; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან შენთან ვარ, შენს სახსნელად და გადასარჩენად! ამბობს უფალი.
- 21
გამოგიხსნი ბოროტთა ხელიდან და გამოგისყიდი სასტიკთა ბრჭყალებიდან”.