იერემია 16
- 1
და იყო ჩემ მიმართ უფლის სიტყვა:
- 2
"ნუ მოიყვან ცოლს და ნუ იყოლიებ ძეებს და ასულებს ამ ადგილზე;
- 3
რადგან ასე ამბობს უფალი ამ ადგილზე შობილ ძეებსა და ასულებზე, დედებზე რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში:
- 4
სასიკვდილო სნეულებებით დაიხოცებიან, არც დაიტირებენ და არც დამარხავენ, ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით მოისპობიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის ცხოველთა საჭმელად იქცევა”.
- 5
რადგან ასე ამბობს უფალი: "მგლოვიარეთა სახლში ნუ შეხვალ, მათ დასატირებლად და მისასამძიმრებლად ნუ წახვალ, რადგან ჩემი მშვიდობა, წყალობა და სიბრალული წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი.
- 6
დაიხოცება დიდებულიც და ღატაკიც ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ, არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და არავინ გადაიპარსავს თმას მათთვის.
- 7
არავინ გატეხს გლოვის პურს ნუგეშის საცემლად და არავინ მიაწვდის სამძიმრის თასს მამისა და დედის გამო.
- 8
ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად, საჭმელად და სასმელად”.
- 9
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "აჰა, გავაქრობ ამ ადგილიდან, თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში, სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას.
- 10
და ახლა, როცა ეტყვი ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას, ისინი გკითხავენ: რის გამო უშვებს ასეთ დიდ უბედურებას ჩვენზე უფალი? რა დანაშაული ჩავიდინეთ, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?
- 11
შენ ასე უპასუხე: იმის გამო, რომ მიმატოვეს თქვენმა მამებმა! ამბობს უფალი, უცხო ღმერთებს რომ მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ; მე კი დამივიწყეს და ჩემი რჯული არ დაიცვეს.
- 12
თქვენც ჩაიდინეთ ბოროტება, თქვენს მამებსაც კი გადააჭარბეთ. აჰა, თითოეული თქვენგანი თავისივე ბოროტი გულის სიჯიუტეს მიჰყვება და მე არ მისმენთ.
- 13
ამიტომ გადაგასახლებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამები იცნობდნენ; იქ მოემსახურეთ უცხო ღმერთებს დღედაღამ, რადგან არ შეგიწყნარებთ.
- 14
ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო.
- 15
არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა იმ ქვეყნიდან გამოიყვანა, სადაც გასახლებული ჰყავდაო! რადგან მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამებს მივეცი.
- 16
აჰა, გავაგზავნი ბევრ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად; ამის შემდეგ გავაგზავნი მრავალ მონადირეს და მოინადირებენ ისინი ყოველი მთის თავზე, ყოველი ბორცვის თავზე და კლდეთა ნაპრალებში,
- 17
რადგან ჩემი თვალია მათ გზებზე, ვერ დამემალებიან და ვერც დანაშაულს დამიმალავენ.
- 18
ჯერ ორმაგად გადავუხდი მათი დანაშაულისა და ცოდვის გამო, რომ შებილწეს ჩემი ქვეყანა; საკერპო გვამებითა და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო”.
- 19
ოჰ, უფალო, ძალავ ჩემო და სიმაგრევ ჩემო, ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! ქვეყნის კიდეებიდან მოვლენ შენთან ხალხები და იტყვიან: "მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, რომელთაგანაც სარგებელი არ არის”.
- 20
"განა შეუძლია კაცს ღმერთები გაიკეთოს? მაინც არ იქნებიან ისინი ღმერთები!
- 21
ამიტომ, აჰა, მე გავაგებინებ; ამჯერად მე გავაგებინებ მათ ჩემს ძალას და ჩემს ძლიერებას, და გაიგებენ, რომ ჩემი სახელი არის - უფალი”.