იერემია 14
- 1
უფლის სიტყვა იერემიასადმი გვალვის შესახებ:
- 2
"გლოვობს იუდა, ჩაკვდნენ მისი კარიბჭენი; მიწაზე დაჯდა ხალხი, გლოვობენ; ცას ასწვდა იერუსალიმის კივილი.
- 3
დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ მსახურებს; მიდიან ჭებთან, მაგრამ წყალს ვერ პოულობენ, ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან; შერცხვნენ, სირცხვილისგან თავს იბურავენ.
- 4
მიწა დასკდა, რადგან არ უწვიმია ქვეყანაზე, შერცხვნენ მიწათმოქმედნი, თავი დაიბურეს.
- 5
ფურ-ირემმაც კი მიატოვა ნუკრი, ველზე რომ დაბადა, რადგან აღარ არის ბალახი.
- 6
კანჯრები დამდგარან ხრიოკ სიმაღლეებზე და ტურებივით ჰაერს ყლაპავენ; თვალები ებინდებათ, რადგან აღარ არის ბალახი.
- 7
ჩვენი უმართლოებანი მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, უფალო, მაგრამ იქნებ მაინც მოიღო წყალობა შენი სახელის გულისთვის; გამრავლდა ჩვენი განდგომილება, შენ წინააღმდეგ შევცოდეთ.
- 8
ოჰ, ისრაელის იმედო, მხსნელო, უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში, ღამის გასათევად გაჩერებული მგზავრივით?
- 9
რატომ ხარ, როგორც გაოგნებული კაცი, იმ მეომარივით, რომელსაც ხსნა არ შეუძლია? შენ ხომ ჩვენ შორის ხარ, უფალო? ხომ შენი სახელით ვიწოდებით? ნუ მიგვატოვებ!”
- 10
ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: "რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს”.
- 11
და მითხრა უფალმა: "ნუ ილოცებ ამ ხალხის კეთილდღეობისთვის;
- 12
იმარხულებენ, მაგრამ არ შევისმენ მათ ვედრებას; სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს აღმივლენენ, მაგრამ არ მივიღებ; მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოვუღებ მათ ბოლოს”.
- 13
ვთქვი: "ო, უფალო ღმერთო! აჰა, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: მახვილს არ იხილავთ და შიმშილი არ მოგსრავთ, მტკიცე მშვიდობას მოგცემთო ამ ადგილზე”.
- 14
და მითხრა უფალმა: "სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი, არ მიბრძანებია მათთვის და არც მილაპარაკია მათთან; ცრუ ხილვებს, მისნობას, ამაოებასა და თავიანთი გონებით შეთხზულ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ”.
- 15
ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: "ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ: მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი მოისპობიან მახვილითა და შიმშილით!
- 16
და ის ხალხიც, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, შიმშილისა და მახვილის ძალით დაიყრება იერუსალიმის ქუჩებში. არავინ იქნება მათი ცოლების, მათი ძეებისა და ასულების დამმარხველი; გადმოვღვრი მათზე მათივე ბოროტებას.
- 17
ამიტომ უთხარი მათ ეს სიტყვა: ცრემლები ღვარეთ, ჩემო თვალებო, დღისით და ღამით, შეუწყვეტლივ! დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ქალწულს, ჩემი ხალხის ასულს, სასიკვდილო ჭრილობა სჭირს.
- 18
ველზე გამოვალ და, აჰა - მახვილით განგმირულნი; ქალაქში შევალ და, აჰა - შიმშილით დასნეულებულნი; წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც დაეხეტებიან ქვეყანაში და არ იციან რას აკეთებენ”.
- 19
სამუდამოდ უარყავი იუდა? სიონი შეიზიზღა შენმა სულმა? ისე რატომ დაგვკარი, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებით? მშვიდობას ველოდით და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება.
- 20
ვიცი, უფალო, ჩვენი ბოროტება, ჩვენი მამების ურჯულოება, რადგან შენ წინააღმდეგ შევცოდეთ.
- 21
ნუ უარგვყოფ შენი სახელის გულისთვის, ნუ შეარცხვენ შენი დიდების ტახტს, გაიხსენე და ნუ გააუქმებ ჩვენთან დადებულ აღთქმას.
- 22
განა არის ხალხთა კერპების შორის წვიმის მომყვანი? განა ცა თავისით იძლევა თავსხმას? განა ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? ამიტომ ვართ შენზე დაიმედებულნი, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.