იერემია 13
- 1
მითხრა უფალმა: "წადი, სელის სარტყელი იყიდე, შემოირტყი წელზე, წყალში ნუ ჩადებ”.
- 2
უფლის სიტყვისამებრ ვიყიდე სარტყელი და შემოვირტყი წელზე;
- 3
მეორედ მოვიდა უფლის სიტყვა ჩემდამი; მითხრა:
- 4
"აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს შემორტყმული; ადექი, წადი ეფრათში და იქ, კლდის ნაპრალში დამალე”.
- 5
წავედი და დავმალე ეფრათში, როგორც უფალმა მიბრძანა.
- 6
მრავალი დღის შემდეგ უფალმა მითხრა: "ადექი, წადი ეფრათში და აიღე ის სარტყელი, მე რომ დამალვა გიბრძანე”.
- 7
წავედი ეფრათში. ამოვთხარე და ავიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დავმალე. აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარ გამოდგებოდა.
- 8
მოვიდა უფლის სიტყვა ჩემდამი; მითხრა:
- 9
ასე ამბობს უფალი: "ასე დავალპობ იუდას სიამაყეს და იერუსალიმის უზომო მედიდურობას.
- 10
ეს ბილწი ხალხი, ჩემი სიტყვების გაგონებაც რომ არ უნდა და ჯიუტად დადის სხვა ღმერთების კვალზე, რათა მათ ემსახუროს და ეთაყვანოს, ამ სარტყელივით გახდება, აღარაფრისთვის რომ აღარ გამოდგება.
- 11
რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის წელს, ისე მინდოდა მომკრობოდა მთელი ისრაელისა და იუდას სახლი, ამბობს უფალი, რათა ყოფილიყვნენ ჩემს ხალხად, სასახელოდ, საქებრად და სადიდებლად. მაგრამ არ შეისმინეს.
- 12
უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: ყველა ტიკი ღვინით ივსება. მოგიგებენ: განა არ ვიცით, რომ ყველა ტიკი ღვინით ივსებაო?
- 13
უპასუხე, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, სიმთვრალით ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს, დავითის ტახტზე მსხდომ მეფეებს, ღვთისმსახურთ და წინასწარმეტყველთ, იერუსალიმში მცხოვრებთ.
- 14
ერთი-მეორეზე დავლეწავ მამებსა და ძეებს ერთიანად, ბრძანებს უფალი, არ დავინდობ, არ შევიბრალებ და არც მათ გაწყვეტას შევინანებ!”
- 15
ისმინეთ, ყური დაუგდეთ, ნუ გადიდგულდებით, რადგან ეს უფლის ნათქვამია.
- 16
პატივი მიაგეთ ღმერთს, თქვენს უფალს, სანამ დაგიბნელდებათ, სანამ წაიბორძიკებთ დაბინდულ მთაზე; თუმცა სინათლეს მოელით, ის სიკვდილის აჩრდილად გარდაქმნის მას და წყვდიადის ბურუსად.
- 17
თუ არ მოისმენთ, მალულად იტირებს ჩემი გული თქვენი ამპარტავნების გამო, აქვითინდება, მწარედ იტირებს, აცრემლდება ჩემი თვალები, რადგან ტყვედ იქნება წაყვანილი უფლის სამწყსო.
- 18
უთხარი მეფე-დედოფალს: "ჩამოდით ტახტიდან, რადგან მოგძვრებათ თავიდან თქვენი ლამაზი გვირგვინი”.
- 19
დაიხშო სამხრეთის ქალაქები და არავინაა გამღები - ტყვედ გაირეკეს მთელი იუდა, სრულად წაასხეს.
- 20
აღაპყარით თვალნი და დაინახეთ ჩრდილოეთიდან მომავალნი. სადაა სამწყსო, რომელიც მოგეცა, შენი მშვენიერი ფარა?
- 21
მაშინ რას იტყვი, სიონის ასულო, როცა მოგინახულებს უფალი? განა შენ არ შეაჩვიე შენზე ბატონობას? განა ტკივილები არ შეგიპყრობს მშობიარე ქალივით?
- 22
თუ იტყვი გულში - რატომ დამემართა ეს ყველაფერიო? ურჯულოებათა სიმრავლის გამოა ახდილი შენი კალთები და ნაცემი შენი ტერფები.
- 23
განა შეიცვლის ქუშელი თავის კანს ან ჯიქი თავის ლაქებს? ასევე თქვენც ვერ შეძლებთ სიკეთის გაკეთებას - ბოროტებაში გაწაფულნი!
- 24
მიმოგფანტავთ უდაბნოს ქარით მიმოტაცებული ბზესავით.
- 25
ესაა შენი ხვედრი, შენთვის განკუთვნილი წილი, ამბობს უფალი, რადგან დამივიწყე და სიყალბეს მიენდე.
- 26
მეც აგიწიე კალთები სახემდე, რათა გამოჩენილიყო შენი სირცხვილი.
- 27
შენი მრუშობა და ავხორცი ჭიხვინი, შენი სიძვის უხამსობა. მაღლობებსა და ველებზე გამოჩნდა შენი სისაძაგლე; ვაი შენ, იერუსალიმო, როდისღა განიწმიდები?