ესაია 7
- 1
და იყო, იუდას მეფის, ახაზის - ყუზიას ძის, იოთამის ძის დღეებში - აღდგნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახი, ისრაელის მეფის, რემალიაჰუს ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვერ შეძლეს მისი დაპყრობა.
- 2
შეატყობინეს დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდაო არამი, და აუთრთოლდა მას და მის ხალხს გული, როგორც ხეები თრთიან ტყეში ქარისგან.
- 3
უთხრა უფალმა ესაიას: "გადი ახაზის შესახვედრად, შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ზემო აუზის არხთან, მრეცხავთა ველის ბილიკზე რომაა;
- 4
უთხარი: შეინარჩუნე სიმშვიდე, ნუ დაფრთხება შენი გული ამ აბოლებული მუგუზლების ორი კუდის - რეცინისა და რემალიაჰუს ძის რისხვის გამო,
- 5
ბოროტი რომ განიზრახეს შენზე არამმა, ეფრემმა და რემალიაჰუს ძემ, და თქვეს:
- 6
ავიდეთ იუდაში, შიშის ზარი დავცეთ, დავაქუცმაცოთ და მეფედ ტაბეყალის ძე დავუსვათო.
- 7
ასე ამბობს უფალი ღმერთი: არ გამოვა და არ მოხდება.
- 8
რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი; სამოცდახუთი წლის შემდეგ გაწყდება ეფრემის ხალხი და აღარ იქნება.
- 9
ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიაჰუს ძე. თუ არ გჯერათ, ნამდვილად ვერ გაძლებთ”.
- 10
კვლავ ელაპარაკა უფალი ახაზს და უთხრა:
- 11
"სთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ნიშანი: ქვესკნელიდან ან მაღლა ციდან”.
- 12
მაგრამ მიუგო ახაზმა: "არ ვთხოვ და არ გამოვცდი უფალს”.
- 13
თქვა ესაიამ: "ისმინე ახლა, დავითის სახლო: ცოტაა თქვენთვის კაცთა მოთმინებას რომ სცდით, ახლა ჩემი ღმერთის მოთმინების გამოცდაც რომ გინდათ?
- 14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად - იმანუელს!”
- 15
ერბოსა და თაფლს შეჭამს, სანამ ბოროტის უკუგდებასა და კეთილის არჩევას ისწავლის.
- 16
ვინაიდან, სანამ ყმაწვილი ბოროტის უკუგდებას და კეთილის არჩევას ისწავლის, მიტოვებული იქნება ის მიწა, რომლის ორი მეფის წინაშეც თრთიხარ.
- 17
ისეთ დღეებს მოაწევს უფალი შენზე, შენს ხალხზე და შენი მამის სახლზე, როგორიც არასოდეს მოგწევია, იუდასგან ეფრემის განდგომის შემდეგ - აშურის მეფეს მოაწევს.
- 18
და იქნება იმ დღეს: დაუსტვენს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია,
- 19
მოვლენ და დაივანებენ ყველა ციცაბო ხევში, კლდეთა ნაპრალში და ყოველ სარწყავსა და ეკლიან ბუჩქნარზე.
- 20
იმ დღეს გაპარსავს უფალი მდინარის გაღმა დაქირავებული სამართებლით - აშურის მეფით - თავს, ფეხის ბალანს და წვერსაც.
- 21
და იქნება იმ დღეს: ასაზრდოებს კაცი ერთ დეკეულსა და ორ ცხვარს.
- 22
და იქნება: რძის სიჭარბისაგან შეჭამს ერბოს, რამეთუ ერბოსა და თაფლს შეჭამს ყველა ამ ქვეყანაზე დარჩენილი.
- 23
დადგება დღე, როცა ყოველ ადგილს, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ვაზი ხარობდა, ნარ-ეკალი და ჯაგნარი გადაუვლის.
- 24
ისრით და მშვილდით მოვლენ იქ, რადგან ნარ-ეკლად და ჯაგნარად გადაიქცევა მთელი ქვეყანა.
- 25
და ყოველ მთას, რომელიც ითოხნებოდა, ვერ მიუახლოვდები რადგან შეგეშინდება ნარ-ეკლისა და მჩხვლეტავი ბუჩქნარისა; თუმცა, ხარებს გადენიან იქ და წვრილფეხა საქონელი გათელავს მას.