ესაია 6
- 1
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს.
- 2
სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით - ფეხებს და ორით დაფრინავდნენ.
- 3
გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: "წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!”
- 4
და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.
- 5
ვთქვი: "ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”.
- 6
და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით.
- 7
ბაგეზე შემახო და თქვა: "აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა”.
- 8
და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: "ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: "აქ ვარ, მე წარმგზავნე!”
- 9
თქვა: "წადი და უთხარი ხალხს, სმენით მოისმენთ, ოღონდ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით!
- 10
დაასუქე ამ ხალხის გულები, ყურები დაუმძიმე და თვალები დაუბნელე, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს და გულით ვერ გებულობდეს, რათა არ მოექცეს და არ განიკურნოს”.
- 11
ვთქვი: "როდემდე, უფალო?” თქვა: "სანამ არ გაუკაცრიელდება ქალაქები მცხოვრებთა გარეშე, სახლები - ადამიანთა გარეშე; სანამ მიწა არ გავერანდება და გაუდაბურდება.
- 12
შორს განაგდებს უფალი ადამიანებს და დიდად მომრავლდება უდაბური ადგილები შუაგულ ქვეყანაში.
- 13
თუმცა კვლავ დარჩება მისი მეათედი და ისიც დასაწვავი შეიქნება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონსა და მუხას რჩება კუნძი, ასევე წმიდა თესლი იქნება მათი კუნძი”.