ესაია 5
- 1
სიმღერას ვუმღერებ ჩემს მიჯნურს მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს საყვარელს ნაყოფიერ გორაკზე.
- 2
დაამუშავა, გაასუფთავა ქვებისგან, ჩაყარა საუკეთესო ვაზი, კოშკი ააგო მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა; იმედოვნებდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ ველური ნაყოფი გამოიღო.
- 3
ახლა კი, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცებო, გთხოვთ განგვსაჯეთ მე და ჩემი ვენახი.
- 4
რაღა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და არ გავუკეთე? რატომ მოისხა ველური ნაყოფი, როცა ყურძენს ველოდებოდი?
- 5
ახლა კი გთხოვთ მათქმევინოთ, რის გაკეთებას ვუპირებ ჩემს ვენახს - შემოვარღვევ ღობეს და საძოვრად იქცევა, შემოვუნგრევ ზღუდეს და გაპარტახდება.
- 6
გავაუდაბურებ მას, არ გაიმარგლება და არ გაითოხნება იგი; გაიზრდება ნარ-ეკლად და ვუბრძანებ ღრუბლებს არ აწვიმონ მასზე წვიმა.
- 7
ისრაელის სახლია ცაბაოთ უფლის ვენახი და იუდას ხალხი - ნერგი მისი სიამისა; სამართალს მოელოდა და აჰა - სისხლისღვრაა; სიმართლეს და აჰა - ტანჯვის მოთქმაა.
- 8
ვაი თქვენ, სახლზე სახლს რომ მიიტაცებთ და მინდორზე მინდორს რომ იმატებთ და სხვას ადგილი აღარ რჩება, თითქოს მხოლოდ თქვენ უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაზე.
- 9
გამაგონა ცაბაოთ უფალმა: "მრავალი სახლი დაიქცევა, დიდები და კარგად ნაშენები, მცხოვრებთა გარეშე დარჩება.
- 10
რამეთუ ათი უღელი ხარის სათოხნი ვენახი ერთ ბათს მოიწევს და ხომერი თესლი - ეფას”.
- 11
ვაი დილაადრიდანვე სასმელის მძებნელთ, დაღამებამდე ღვინით რომ ენთებიან.
- 12
ქნარი და ებანი, დაფი, სტვირი და ღვინოა მათ ნადიმებზე; უფლის საქმეებს არ უმზერენ და მის ხელთა ნამოქმედარს ვერ ხედავენ.
- 13
ტყვეობაში წავა ჩემი ხალხი უმეცრების გამო; მისი დიდებულნი შიმშილით დაიხოცებიან, ბრბო კი წყურვილით გაითანგება.
- 14
ამიტომაცაა ქვესკნელი ხახადაფჩენილი და უსაზღვროდ გაფართოვებული; ის ჩაყლაპავს მის მშვენებას, მის ხმაურიანსა და მოზეიმე ბრბოს.
- 15
დამდაბლდება ადამიანი, დამცირდება კაცი, დაიხრება ქედმაღალთა თვალები.
- 16
ამაღლდება ცაბაოთ უფალი სამართალში და გამოჩნდება წმიდა ღმერთი სიმართლეში.
- 17
დაიმწყემსება ცხვარი საძოვარზე და ნასუქთა ნარჩენებს მწირნი შეჭამენ.
- 18
ვაი მათ, ვინც ამაოების ღვედებით იზიდავს უმართლობას, და ცოდვას - თითქოს და ურმის საბლებით.
- 19
ამბობენ: "ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ; დაე, მოახლოვდეს და მოვიდეს რჩევა ისრაელის წმიდისა, რომ გავიგოთ!”
- 20
ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს - ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს - სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს - მწარედ.
- 21
ვაი ბრძენთ საკუთარ თვალში და გონიერთ თავიანთი აზრით.
- 22
ვაი ძლიერთ ღვინის სმაში და ძლევამოსილთ მის ჩამოსხმაში!
- 23
ქრთამით დამნაშავის გამმართლებელთ და ალალ-მართალთათვის სიმართლის წამრთმევთ.
- 24
ამიტომ, როგორც ბზეს შთანთქავს ცეცხლის ენები და თივა იფერფლება ალში, ისე დალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, ვინაიდან უკუაგდეს რჯული ცაბაოთ უფლისა და ისრაელის წმიდის ნათქვამი მოიძულეს.
- 25
ამის გამო აენთება უფლის რისხვა თავის ხალხზე, ხელს გაიწვდენს და შემუსრავს მას. შეირყევიან მთები და მათი გვამები სკორესავით ეყრება შუა ქუჩებში; მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ შემართული ექნება.
- 26
ალამს აღმართავენ შორეული ერებისთვის და დაუსტვენს მას ქვეყნიერების კიდეებამდე; და აჰა, ისინიც სწრაფად და მსუბუქად მოვლენ.
- 27
არც დაღლილი ეყოლებათ, არც დაქანცული; არ ჩათვლემენ და არც ჩაეძინებათ. არ შეეხსნებათ წელშემოსარტყმელი და ფეხსაცმლის თასმები არ გაუწყდებათ.
- 28
მათი ისრები წამახულია და ყველა მშვილდი მოზიდულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟივითაა და ეტლების ბორბლები - გრიგალივით.
- 29
მათი ბრდღვინვა ლომის ბრდღვინვასავითაა; ღრიალებენ ლომის ბოკვრებივით, დაეცემიან ნადავლს, გაიტაცებენ და არავინ იქნება მხსნელი.
- 30
შეღმუვლებენ იმ დღეს ზღვის ღმუილით. შეხედავს კაცი ქვეყანას და აჰა, სიბნელეა და სივიწროვე; სინათლეც დაუბნელებია ღრუბლებს.