ესაია 8
- 1
მითხრა უფალმა: აიღე დიდი ფიქალი და ამოკვეთე მასზე ჩვეული ასოებით: "მაჰერ შალალ ხაშ ბაზ” (ისწრაფე სათარეშოდ, დააჩქარე ძარცვა).
- 2
ავიყვანე სარწმუნო მოწმეები: მღვდელი ურია და ზაქარია, იბერექიაჰუს ძე.
- 3
მივუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს, რომელიც დაორსულდა და შვა ვაჟი; მითხრა უფალმა: ‘უწოდე მას სახელად: მაჰერ შალალ ხაშ ბაზ!’
- 4
რადგან სანამ ყმაწვილი "მამის” და "დედის” დაძახებას შეძლებს, დამასკოს სიმდიდრესა და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
- 5
კვლავ მელაპარაკა უფალი და მითხრა:
- 6
"რადგანაც მოიძულა ხალხმა წყნარად მომდინარე შილოახის წყალი და რეცინსა და რამალიაჰუს ძე შეჰხარის,
- 7
ამიტომ, აჰა, გადმოადენს უფალი მათზე ძლიერი და დიდი მდინარის წყლებს - აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას; აივსება მისი ყველა არხი და გადმოვა ყველა ნაპირიდან,
- 8
გადმოდინდება, გადაუვლის და წალეკავს იუდას, ყელამდე მისწვდება, ფრთებს გაშლის და აავსებს ქვეყანას მთელ სიგანეზე, იმანუელ!
- 9
გაბოროტდებიან ხალხები და შეიმუსრებიან! ისმინე, ქვეყნის ყველა შორეულო მხარევ! შეიარაღდით, მაგრამ შეიმუსრებით! შეიარაღდით, მაგრამ შეიმუსრებით!
- 10
გეგმას დააწყობთ, მაგრამ დაირღვევა, სიტყვას იტყვით და არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი!”
- 11
რადგან ასე მელაპარაკა უფალი ძლიერი ხელით და გამაფრთხილა - ამ ხალხის გზით არ მევლო. მითხრა:
- 12
"ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; ნუ შეგეშინდებათ და შეგზარავთ ის, რისაც მათ ეშინიათ.
- 13
ცაბაოთ უფალი შერაცხეთ წმიდად; ის იქნება თქვენი შიში და ის იქნება თქვენი ძრწოლა.
- 14
ის იქნება თქვენი საწმიდარი და შებრკოლების ლოდი, რომელსაც ფეხს წამოჰკრავს ისრაელიანთა ორივე სამეფო; მახე და ხაფანგი იქნება ის იერუსალიმის მცხოვრებთათვის.
- 15
მრავალი წაიბორძიკებს მასზე, დაეცემა და დაიმტვრევა, გაებმება და დაჭერილი იქნება.
- 16
შეკარი მოწმობა, დაბეჭდე ეს დარიგება და ჩემს მოწაფეებს გადაეცი”.
- 17
მე კი უფალს დაველოდები, რომელიც მალავს თავის სახეს იაკობის სახლისგან; მის მოლოდინში ვარ.
- 18
აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა უფალმა ნიშნებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დამკვიდრებული.
- 19
როცა გეტყვიან: "დაეკითხეთო მესულთნეებსა და გრძნეულებს, რომლებიც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენ; განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ ეკითხება, განა მკვდრებს უნდა ეკითხებოდნენ ცოცხალთა გამო?”
- 20
რჯულსა და მოწმობას მიმართეთ! თუ ამ სიტყვის მიხედვით არ ამბობენ, სინათლე არ არის მათში.
- 21
ტანჯულნი და დამშეულნი იხეტიალებენ ქვეყანაზე და შიმშილისა და სიბრაზის გამო დაგმობენ თავიანთ მეფესა და ღმერთს. მაღლა აიხედავენ,
- 22
დახედავენ მიწას და აჰა, უბედურება, სიბნელე და ტკივილის წყვდიადია ყველგან და უკუნეთში განიდევნებიან.