ესაია 3
- 1
ვინაიდან, აჰა, ცაბაოთ უფალი აცლის იერუსალიმსა და იუდას საყრდენსა და შეწევნას, პურისა და წყლის მთელ მარაგს.
- 2
მამაცსა და მებრძოლს, მოსამართლესა და წინასწარმეტყველს, ჯადოსანსა და უხუცესს,
- 3
ორმოცდაათისთავსა და წარჩინებულს, მრჩეველსა და ბრძენს, ოსტატსა და გამოცდილ მისანს.
- 4
ყმაწვილებს დავუყენებ მთავრებად და ჩვილნი იბატონებენ მათზე.
- 5
შეავიწროვებს ხალხი ერთმანეთს და თითოეული თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბიო - პატივდებულს.
- 6
ამიტომ ჩაეჭიდება კაცი თავის ძმას მამამისის სახლიდან და ეტყვის: "მოსასხამი გაქვს, უფროსად უნდა გაგვიხდე, შენს განკარგულებაში იყოს ეს ნანგრევები!”
- 7
ის კი ასე შეეპასუხება იმ დღეს: "არ გაგიხდებით უფროსად, რადგან არც პურია ჩემს სახლში და არც სამოსელი; მე ნუ დამაყენებთ ხალხის უფროსად!”
- 8
ვინაიდან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან უფლის წინააღმდეგაა მათი ენა და მოქმედება, რათა აუჯანყდნენ მის დიდებულ თანდასწრებას.
- 9
მათივე სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ, სოდომელებივით ამჟღავნებენ თავიანთ ცოდვებს, არ ფარავენ; ვაი მათ, რადგან ბოროტებას მოაწევენ საკუთარ თავებს.
- 10
უთხარით მართალს, რომ ნეტარია, რადგან თავის შრომის ნაყოფს შეჭამს.
- 11
ვაი უმართლო ბოროტმოქმედს, რადგან თავისი ხელის საქმეთა მიხედვით მიეზღვება.
- 12
ჩვილნი ავიწროებენ ჩემს ხალხს და დედაკაცნი მმართველობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღოლნი გაცდუნებენ და სავალი გზები გაგიმრუდეს.
- 13
აღდგება უფალი შესადავებლად და წამოიმართება ხალხთა განსაკითხად.
- 14
განიკითხავს უფალი თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს: "თქვენ გადაჭამეთ ვენახები და ღარიბთათვის წართმეულით აივსეთ სახლები.
- 15
ძალადობთ ჩემს ხალხზე და აჭირვებთ გლახაკებს!” - თქვა მბრძანებელმა, ცაბაოთ უფალმა.
- 16
ამბობს უფალი: "რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებულნი დადიან მაცდური თვალებით, ლაღად ცუნცულებენ და ფეხთა მოსართავებს აჟღარუნებენ.
- 17
თხემზე ქეცს შეჰყრის უფალი სიონის ასულთ და გამოაჩენს მათ სიშიშვლეს”.
- 18
იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავებს, თმის ბადეებსა და ნახევარმთვარეებს,
- 19
საყურეებს, სამაჯურებსა და პირბადეებს,
- 20
თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებსა და ბაფთებს, სუნამოებსა და თილისმებს,
- 21
ბეჭდებსა და ნესტოების რგოლებს,
- 22
მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს,
- 23
გამჭვირვალე ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს;
- 24
იქნება: კეთილსურნელების ნაცვლად - ხრწნის სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად - საბელი, ვარცხნილობის ნაცვლად - სიქაჩლე, კოხტა მოსასხამის ნაცვლად - ჯვალო, მშვენიერების ნაცვლად კი - დაღი.
- 25
შენი კაცები მახვილით დაეცემიან და შენი ძლიერნი ბრძოლაში დაიხოცებიან.
- 26
იქვითინებენ და იგლოვებენ კარიბჭენი და გამოცარიელებული დარჩება ეს ქვეყანა.