ესაია 2
- 1
სიტყვა, რომელიც იხილა ესაია ამოცის ძემ იუდასა და იერუსალიმზე.
- 2
უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთა უფლის სახლისა, მთათა სათავეში განმტკიცდება, ბორცვებზე ამაღლდება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დინებას.
- 3
მრავალი ხალხი მოვა და იტყვის "მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა”.
- 4
ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან - ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.
- 5
იაკობის სახლო! მოდით, ვიაროთ უფლის სინათლეში!
- 6
მიტოვებული გყავს შენი ხალხი, სახლი იაკობისა, რადგან მისნობენ აღმოსავლეთის მსგავსად და მკითხაობენ ფილისტიმელთა მსგავსად; და მიეწებნენ უცხოტომელთა შვილებს.
- 7
ოქრო-ვერცხლით გაივსო მათი ქვეყანა და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ცხენებით გაივსო მათი ქვეყანა და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.
- 8
კერპებით გაივსო მათი ქვეყანა და საკუთარ ნახელავს სცემენ თაყვანს - იმას, რაც მათმა თითებმა გამოძერწა;
- 9
მოიდრიკა ადამიანი და დამდაბლდა კაცი; არ შეუნდობ მათ.
- 10
შედით კლდეში და მტვერში ჩაიმალეთ უფლის შიშისა და მისი სიდიადის ბრწყინვალების გამო.
- 11
კაცის ქედმაღლური მზერა დამცირდება და ადამიანთა ამპარტავნება დამდაბლდება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს.
- 12
რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალს, ამპარტავანსა და მედიდურს; დამცირდებიან ისინი;
- 13
ის გამოვა ლიბანის ყველა მაღალი და ამაღლებული კედარისა და ბაშანის ყველა მუხის წინააღმდეგ;
- 14
ყველა მაღალი მთისა და ყველა ამაღლებული ბორცვის წინააღმდეგ;
- 15
ყველა მაღალი კოშკისა და ყველა გამაგრებული გალავნის წინააღმდეგ;
- 16
თარშიშის ყველა ხომალდისა და მათი ყველა სასურველი მოკაზმულობის წინააღმდეგ.
- 17
დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა და დამცირდება კაცთა ამპარტავნება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს,
- 18
და მთლიანად გაქრებიან კერპები.
- 19
კლდის გამოქვაბულებში შევლენ და მიწის ხვრელებში დაემალებიან უფლის შიშსა და მისი სიდიადის ბრწყინვალებას, როცა აღდგება იგი ქვეყნის შესარყევად.
- 20
იმ დღეს ადამიანები თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრიან თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, თაყვანსაცემად რომ გაიკეთეს.
- 21
მთის გამოქვაბულებსა და კლდის ბზარებში დაემალებიან უფლის შიშსა და მისი სიდიადის ბრწყინვალებას, როცა აღდგება იგი ქვეყნის შესარყევად.
- 22
განშორდით ადამიანს, რომელსაც სუნთქვა აქვს ნესტოებში, ვინაიდან ძალიან მცირეა იგი, მასზე რომ იფიქრო!