ესაია 23
- 1
წინასწარმეტყველება ტვიროსზე: იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, ვინაიდან მოისპო ტვიროსი, სახლებისა და ნავთსაყუდელის გარეშე დარჩა; ქითიმის მიწიდან ეუწყათ ეს ამბავი.
- 2
დადუმდით, სანაპიროს მცხოვრებნო, სიდონელო ვაჭრებო, რომელთა წარგზავნილნიც ზღვაზე ნაოსნობდნენ.
- 3
მრავალი წყლებით მიდიოდა შიხორის მარცვლეული, მდინარის მოსავალი, და ერთა სავაჭრო ადგილად იყო ქცეული.
- 4
გრცხვენოდეს სიდონ, სიმაგრევ ზღვისა. დაილაპარაკა ზღვამ და თქვა: "მშობიარობით არ მიტანჯია და არ მიშვია, ჭაბუკნი და ქალწულნი არ გამიზრდია”.
- 5
როდესაც ეუწყება ეგვიპტეს, აცახცახდება ტვიროსის ამბის გამო.
- 6
გადადით თარშიშში, იქვითინეთ, სანაპიროს მცხოვრებნო.
- 7
ესაა თქვენი მოზეიმე ქალაქი? რომელსაც ძველთაგანვე, დაბადებიდანვე დაატარებდნენ ფეხები შორეულ ქვეყნებში სამკვიდრებლად?
- 8
ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, სატახტო ქალაქს, რომლის ვაჭარნიც ქანაანის მთავარნი არიან და სოვდაგარნი - ქვეყნიერების წარჩინებულნი?
- 9
ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი მშვენიერებისა და დაემცირებინა ყველა წარჩინებული ქვეყნიერებისა.
- 10
მდინარესავით გადაიარე შენი ქვეყანა, თარშიშის ასულო, რადგან აღარ არის სარტყელი.
- 11
ზღვასაც მოუღერა ხელი, აათრთოლა სამეფოები; ბრძანა უფალმა ქანაანზე, დაენგრიათ მისი ციხე-სიმაგრენი.
- 12
თქვა: "მეტად აღარ ამაღლდები, დაცემულო ქალწულო, სიდონის ასულო! ადექი და ქითიმს გადადი, მაგრამ ვერც იქ იპოვი სიმშვიდეს”.
- 13
აჰა, ქალდეველთა ქვეყანა. ეს არის ხალხი, რომელიც არ იყო; აშურმა დააფუძნა იგი უდაბნოს ველურთათვის. მიადგეს თავიანთი კოშკები, დაანგრიეს მათი სასახლეები, ნანგრევებად გადააქციეს.
- 14
იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან გაცამტვერებულია თქვენი სიმაგრე.
- 15
და იქნება იმ დღეს: დავიწყებული იქნება ტვიროსი სამოცდაათი წელი, ერთი მეფის ცხოვრების დღეების მიხედვით; სამოცდაათი წლის ბოლოს კი, მეძავის სიმღერასავით მოუვა ტვიროსს:
- 16
"აიღე ქნარი, შემოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო! კარგად დაუკარი, ხშირად იმღერე, რათა გაგიხსენონ!”
- 17
და იქნება: სამოცდაათი წლის შემდეგ მოინახულებს უფალი ტვიროსს. ისევ დაუბრუნდება ტვიროსი თავის სიძვობის ქირას და ისიძვებს ქვეყნიერების ყველა სამეფოსთან დედამიწაზე.
- 18
მისი ვაჭრობისა და სიძვის ქირა უფლისადმი იქნება მიძღვნილი; არ დაგროვდება საგანძურებსა და საწყობებში, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი გასაძღომ საჭმელად და დიდებულ შესამოსელად.