ესაია 24
- 1
აჰა, უფალი აუკაცრიელებს დედამიწას და აცამტვერებს, ასხვაფერებს მის ზედაპირს და ფანტავს მის მცხოვრებთ.
- 2
გახდება ხალხი მღვდელივით, მსახური - ბატონივით, მხევალი - ქალბატონივით, მყიდველი - გამყიდველივით, მსესხებელი - გამსესხებელივით და მოვალე - მევალესავით.
- 3
გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა თქვა ეს.
- 4
გლოვობს და დაჭკნა დედამიწა, მიილია და გახმა ქვეყნიერება, გაქრნენ ქვეყნის წარჩინებულნი.
- 5
შეიბილწა ქვეყანა მისი მცხოვრებლებით, რადგან განუდგნენ რჯულს, შებღალეს წესი და დაარღვიეს საუკუნო აღთქმა.
- 6
ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა; მისი მცხოვრებნი არიან დამნაშავენი. გადაიბუგნენ ქვეყნის მკვიდრნი და მცირედნიღა დარჩნენ.
- 7
მაჭარი გლოვობს, ვაზი ხმება, ოხრავს ყველა გულმხიარული.
- 8
შეწყდა ხმა დაფდაფებისა, მინავლდა მოლხინეთა ხმაური, დაცხრა ქნარის მხიარულება.
- 9
აღარ მღერიან ღვინის სმისას, სასმელი გაუმწარდათ მსმელთ.
- 10
დაინგრა დაცარიელებული ქალაქი, ყველა სახლი დაიკეტა - ვერავინ შედის.
- 11
ღვინოს მისტირიან ქუჩებში, მხიარულება სიმწარედ იქცა, ლხინი განიდევნა ქვეყნიდან.
- 12
აოხრდა ქალაქი, ნანგრევებად იქცა კარიბჭე.
- 13
ვინაიდან ისე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხებს შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყისას და ნამცვრევის კრეფისას, როგორც რთველის შემდეგ.
- 14
აიმაღლებენ ხმას, იმღერებენ უფლის დიდებაზე, ხმამაღლა იყიჟინებენ ზღვიდან.
- 15
ამიტომ განადიდეთ უფალი აღმოსავლეთში და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელი - ზღვისპირეთში.
- 16
ქვეყნის კიდიდან გვესმის სიმღერა: "დიდება მართალს!” მაგრამ მე ვთქვი: ვაი მე, ვაი მე, ვაგლახ მე! მოღალატენი ღალატობენ და მეტად ღალატობენ მოღალატენი.
- 17
შიში, ორმო და მახეა თქვენს წინაშე, ქვეყნიერების მკვიდრნო!
- 18
და იქნება: უბედურების ხმაზე გაქცეული ორმოში ჩავარდება და ორმოდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან გაიღო ცის სარკმელები და შეირყა ქვეყნის საძირკველნი.
- 19
შეიმუსრა, შეიმუსრა დედამიწა; გაიპო, გაიპო დედამიწა; შეირყა, შეირყა ქვეყანა.
- 20
მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ფიცრულივით ირყევა, დანაშაულმა დაამძიმა, დაეცემა და ვეღარ ადგება.
- 21
იმ დღეს იქნება, რომ უფალი დასჯის ზეცის მხედრობას მაღლა და ქვეყნის მეფეებს დედამიწაზე.
- 22
ერთად შეკრებენ მათ, როგორც ტუსაღებს დილეგში, საპყრობილეში გამოამწყვდევენ და მრავალი დღის შემდეგ დასჯიან.
- 23
მთვარე გაწბილდება და მზე შერცხვება, რადგან ცაბაოთ უფალი იმეფებს სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე იქნება მისი დიდება.