ესაია 22
- 1
წინასწარმეტყველება ხილვათა ხეობაზე: რა დაგემართა, მთლიანად ერდოებზე რომ ამოსულხართ,
- 2
მღელვარებით სავსე, ხმაურიანო ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით არ დაცემულან და არც ბრძოლაში დაღუპულან.
- 3
ყველა შენი მთავარი ერთად გაიქცა, უმშვილდოთ შეიპყრეს, ვინც შენში ჰპოვეს, ყველანი ერთად შეიპყრეს, თუმცა შორს იყვნენ გაქცეულნი.
- 4
ამიტომ ვთქვი: "მზერა მომარიდეთ, მაცალეთ მწარედ ტირილი, ნუ იჩქარებთ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის უბედურების გამო”.
- 5
რადგან ჩოჩქოლის, დამორჩილებისა და დაბნეულობის დღეა ხილვის ხეობაში ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან. კედლებს ანგრევენ და მთებს შეჰღაღადებენ.
- 6
კაპარჭი აიღო ყელამმა, მეეტლეები და მხედრები მოდიან, ფარი გააშიშვლა კიროსმა.
- 7
შენი რჩეული ველები ეტლებით გაივსო, კარიბჭესთან მწყობრად განლაგდნენ მხედრები.
- 8
ჯავშანი შემოეძარცვა იუდას და იმ დღეს ხის სასახლის საჭურველზე დადე შენი იმედი.
- 9
ნახეთ ნაპრალების სიმრავლე დავითის ქალაქის კედლებში და ქვემო აუზის წყალს ხაპავდით,
- 10
აღრიცხავდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით მათ გალავნის გასამაგრებლად,
- 11
წყალსატევი გაიკეთეთ ორ გალავანს შორის, ძველი აუზის წყლებისთვის. მაგრამ მის შემოქმედს არ შეხედეთ და ძველთაგანვე მისი დამსახველი არ შეიცანით.
- 12
იმ დღეს იყო, რომ მოგიხმოთ ცაბაოთ უფალმა სატირლად და საგლოვად, თმების გადასაპარსად და ჯვალოთი შესამოსად.
- 13
მაგრამ, აჰა, ილხენდით და მხიარულობდით! ხარებს კლავდით და ცხვარს ჟლეტდით, ხორცს ჭამდით და ღვინოს სვამდით: ვჭამოთ და ვსვათ, ხვალ მაინც დავიხოცებითო!
- 14
გამოუცხადა ცაბაოთ უფალმა ჩემს ყურს: "ნამდვილად არ მიგეტევებათ ეს დანაშაული, სანამ არ მოკვდებით”, ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი.
- 15
ასე ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი: "ადექი, მიდი მაგ კარისმცველთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს და უთხარი:
- 16
რა უფლება გაქვს, ან ვინა გყავს აქ, სამარხი რომ გამოგიკვეთია შენთვის? მაღლობზე გაგიჭრია სამარხი და კლდეში გამოგიკვეთია მოსასვენებელი.
- 17
აჰა, შურდულივით გისვრის უფალი; მტკიცე ალყაში მოგაქცევს.
- 18
ფუთასავით დაგგორგლავ და ბურთივით გისვრი შორეულ მიწაზე; იქ მოკვდები და იქ დარჩება შენი დიდების ეტლები, სირცხვილო შენი ბატონის სახლისა!
- 19
გადაგაყენებ შენი მსახურებიდან და გადაგაგდებ შენი ადგილიდან.
- 20
იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მსახურ ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს.
- 21
შენი მოსასხამით შევმოსავ, წელზე შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელთ გადავცემ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის.
- 22
მხარზე დავადებ დავითის სახლის გასაღებს; გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს.
- 23
სოლივით ჩავარჭობ მტკიცე ადგილზე და დიდების ტახტად იქნება თავისი მამის სახლისთვის.
- 24
მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელ დიდებას, შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს თასებიდან ქოთნამდე.
- 25
იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, შეირყევა მტკიცე ადგილზე ჩასობილი სოლი, გადატყდება და დაეცემა. მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფლის ნათქვამია ეს”.