ესაია 21
- 1
წინასწარმეტყველება ზღვისპირა უდაბნოზე: როგორც სამხრეთის ქარიშხალი აღგვის უდაბნოს, ისე მოდის იგი ძრწოლის ქვეყნიდან.
- 2
სასტიკი ხილვა მეჩვენა: მოღალატე ღალატობს და ყაჩაღი ყაჩაღობს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდიავ! ყველა მის ოხვრას ბოლო მოვუღე.
- 3
ამის გამო ამიკანკალდა წელი, მშობიარესავით ტკივილებმა შემიპყრო, გაგონილმა მომკრუნჩხა და ნანახმა შემაძრწუნა.
- 4
გული მითრთის, შიშის ზარი დამეცა; საამური საღამო საშინელებად მექცა.
- 5
ტაბლას აწყობენ, სუფრას შლიან, ჭამენ და სვამენ - "ადექით, მთავარნო, ზეთი სცხეთ ფარს!”
- 6
რადგან ასე ამბობს უფალი: "წადი, მსტოვარი გააგზავნე და მოგახსენოს რას ნახავს.
- 7
დაინახავს წყვილ-წყვილად ამხედრებულთ, ვირთა ქარავანს და აქლემთა ქარავანს. ყურს მიუგდებს მათ, დიდი ყურადღებით”.
- 8
ლომივით გასძახის მსტოვარი: "უფალო! მუდმივად საგუშაგოზე ვარ დღისით და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ ყოველ ღამე.
- 9
აჰა, ახლა წყვილ-წყვილად ამხედრებულნი მოდიან მხედარნი. თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი, მისი ღმერთების ყველა გამოსახულება მიწას დაენარცხა და დაიმსხვრა”.
- 10
ძეო ჩემო, საცეხველში გალეწილო! რაც გაგონილი მაქვს ცაბაოთ უფლის, ისრაელის ღმერთისგან, ის გაუწყეთ.
- 11
წინასწარმეტყველება დუმაზე: სეყირიდან მიხმობენ: "გუშაგო, რა მოხდა ღამით? გუშაგო, რა მოხდა ღამით?”
- 12
ეუბნება გუშაგი: "დილა დგება, ღამეც მოდის; თუ დაეკითხებით, დაეკითხეთ! ისევ დაბრუნდით”.
- 13
წინასწარმეტყველება არაბეთზე: არაბეთის უღრანში გაათიეთ ღამე, დედანელთა ქარავნებო!
- 14
შემხვედრი მწყურვალისთვის წყალი გამოჰქონდათ; პურით ეგებებოდნენ დევნილებს თემას მიწის მკვიდრნი.
- 15
რადგან მახვილებს გაურბოდნენ ისინი, გაშიშვლებულ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდსა და ომის სიმძიმეს.
- 16
ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: "ერთი წლის შემდეგ, მოჯამაგირის წლებისამებრ, გაქრება კედარის მთელი სიდიადე.
- 17
მშვილდოსანთა სიმრავლიდან გადარჩენილნი კი, მამაცი ძენი კედარისა, მცირედნი იქნებიან”, რადგან ასე აქვს ნათქვამი უფალს, ისრაელის ღმერთს.