ესაია 19
- 1
განაჩენი ეგვიპტისა: ნახეთ, უფალი ამხედრებულა სწრაფ ღრუბელზე, რათა მიქროლდეს ეგვიპტეში; ათრთოლდებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და დადნება ეგვიპტის გული მის წიაღში.
- 2
"დაჩრდილავენ ეგვიპტელნი ეგვიპტელთ და შეებრძოლება თითოეული თავის ძმასა და მოყვასს, ქალაქი - ქალაქს, სამეფო - სამეფოს.
- 3
სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;
- 4
სასტიკი ბატონის ხელში ჩავაგდებ ეგვიპტელთ და ძლიერი მეფე იქნება მათი ხელისუფალი”. - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
- 5
ამოშრება წყალი ზღვიდან, დაიწრიტება მდინარე და დაშრება.
- 6
ამყრალდებიან მდინარეები, დაწვრილდება და დაშრება ეგვიპტის ნაკადულები, გახმება ლერწამი და ლელი.
- 7
მოშიშვლდება ნილოსის ნაპირები, სანაპირო და მთელი ნათესები გახმება, გადაიბუგება და აღარ იქნება.
- 8
იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.
- 9
გაწბილდებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.
- 10
ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.
- 11
გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი, ფარაონის ბრძენკაცთა რჩევა უგუნურებად იქცა! როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა ნაშიერი ვარო, ძე უძველესი მეფეებისა?
- 12
მაშ, სად არიან შენი ბრძენნი? იქნებ გაგიგონ, რას უპირებს ცაბაოთ უფალი ეგვიპტეს?
- 13
სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუებულნი არიან ნოფის მთავარნი; მათ აცდუნეს ეგვიპტე - ქვაკუთხედი თავიანთი კვერთხისა.
- 14
უფალმა შეურია მაცდური სული მის წიაღში და აცდუნეს ეგვიპტე ყველა საქმეში; მთვრალივით გორაობს საკუთარ ნარწყევში.
- 15
არც არა იქნება საქმე ეგვიპტეში, რომელსაც მისი თავი ან კუდი, ფინიკი ან ლელქაში გააკეთებს.
- 16
ქალებს დაემსგავსებიან იმ დღეს ეგვიპტელნი; დაფრთხებიან და შეძრწუნდებიან ცაბაოთ უფლის ხელის გამო, მათ რომ მოუქნევს.
- 17
თავზარდამცემი იქნება იუდას მიწა ეგვიპტისთვის; ყველას, ვისაც გაახსენდება, ააკანკალებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, რასაც გამოიტანს მასზე.
- 18
იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს. ერთ-ერთს დამხობის ქალაქს უწოდებენ.
- 19
იმ დღეს უფლის სამსხვერპლო იქნება ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი - მის საზღვართან.
- 20
და იქნება ეს ნიშნად და ცაბაოთ უფლის მოწმობად ეგვიპტის ქვეყანაში, როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, გამოუგზავნის მხსნელსა და ქომაგს, რომელიც გადაარჩენს მათ.
- 21
გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს და შეიცნობენ უფალს იმ დღეს ეგვიპტელნი, მოიტანენ შესაწირსა და ძღვენს, აღთქმას დაუდებენ უფალს და შეუსრულებენ.
- 22
დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
- 23
იმ დღეს ფართო გზა გაიჭრება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში; ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად მოემსახურებიან უფალს.
- 24
იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა; კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნიერების შუაგულში.
- 25
რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა: "კურთხეულ იყოს ეგვიპტე - ჩემი ხალხი, აშური - ჩემი ხელით შექმნილი და ისრაელი - ჩემი სამკვიდრო”.