ეკლესიასტე 7
- 1
კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, ხოლო სიკვდილის დღე - შობის დღეს.
- 2
გლოვის სახლში მისვლა სჯობს ლხინის სახლში მისვლას, რადგან ისაა ყოველი ადამიანის ბოლო. დაე, გულში დაიმარხონ ეს ცოცხლებმა!
- 3
სიცილს მწუხარება სჯობს, ვინაიდან სახის დაღვრემისას გული უკეთესდება.
- 4
ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული - მხიარულების სახლში.
- 5
ბრძენთაგან მხილების მოსმენა სჯობს, ბრიყვთაგან ქების მოსმენას.
- 6
რადგან ქვაბის ქვეშ მოტკაცუნე ეკლების ხმასავითაა ბრიყვის სიცილი; და ესეც ამაოებაა.
- 7
ჩაგვრა ბრძენსაც გააუგუნურებს, ქრთამი კი - გულს აფუჭებს.
- 8
საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს და თავშეკავება - ქედმაღლობას.
- 9
ნუ იჩქარებ გაბრაზებას, რადგან ბრიყვთა გულში ბუდობს სიბრაზე.
- 10
ნუ იტყვი: "წარსული დღეები რატომ სჯობდაო ახლანდელს?!” _ რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ სიტყვებს!
- 11
კარგია სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლო - მზის მომზირალთათვის.
- 12
სიბრძნეც დაგიფარავს და ვერცხლიც, ცოდნის სარგებელი კი ისაა, რომ სიბრძნე სიცოცხლეს ანიჭებს მის მფლობელს.
- 13
ჩაუკვირდი ღვთის მოქმედებას, ვინაიდან ვინ შეძლებს მისი გამრუდებულის გასწორებას?
- 14
დატკბი სიკეთის დღეს და უბედურების დღეს - ჩაუკვირდი; ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ კაცი ვერ მიხვდეს რა იქნება მის შემდეგ.
- 15
ვიხილე ეს ყოველივე ჩემი ამაოების დღეებში: მართალი, რომელიც თავის სიმართლეში იღუპება და ბოროტი - დღეგრძელი თავის ბოროტებაში.
- 16
ნუ იქნები გარდამეტებულად მართალი და ზედმეტად ნუ დაბრძენდები; ნუ დაიღუპავ თავს!
- 17
დიდად ნუ გაბოროტდები და ნურც გაუგუნურდები - დროზე ადრე რად უნდა მოკვდე?
- 18
კარგია თუ ამას ჩაეჭიდები და არც იმას გაუშვებ ხელს, რადგან უფლის მოშიში ყოველივეს გადალახავს.
- 19
სიბრძნე, ქალაქში მყოფ ათ ხელისუფალზე მეტად განამტკიცებს ბრძენს.
- 20
მართლაც არ არის ქვეყანაზე მართალი ადამიანი, რომელიც სიკეთეს იქმს და არ სცოდავს.
- 21
ნურც ყოველ ნათქვამ სიტყვას მიაყურადებ, რათა არ გაიგონო როგორ გწყევლის შენი მონა.
- 22
რადგან ბევრჯერ მიხვდა შენი გული, რომ შენც სწყევლიდი სხვებს.
- 23
ყოველივე ეს, სიბრძნით გამოვცადე და ვამბობდი დავბრძენდები-თქო, მაგრამ შორსაა ჩემგან სიბრძნე.
- 24
შორია გარდასული და ღრმაა, ძალიან ღრმა, ვინ მოიძიებს?
- 25
მოვმართე ჩემი გული, რათა მესწავლა და გამომეკვლია რა არის სიბრძნე და გონიერება, რომ უკეთურება სიბრიყვეა და უგუნურება _ შეშლილობა.
- 26
აღმოვაჩინე, რომ სიკვდილზე მწარეა ქალი, რადგან ხაფანგია ის, მისი გული - ბადე და მისი ხელები კი - ბორკილები! უფლის წინაშე კეთილი დაუსხლტება მას, ცოდვილი კი გაებმება მასში.
- 27
"აჰა, ეს აღმოვაჩინე!” - თქვა ეკლესიასტემ - "ერთიმეორეს მიყოლებით, ხანგრძლივი კვლევით,
- 28
რასაც ეძიებდა ჩემი გული, მაგრამ ვერ ვპოვე; ათასი კაციდან ერთი ღირსეული ვპოვე, ქალებიდან კი _ ვერც ერთი.
- 29
აჰა, მხოლოდ ეს აღმოვაჩინე - რომ ღმერთმა წრფელი შექმნა ადამიანები, მათ კი მრავალი თავსატეხი გაიჩინეს!”