ეკლესიასტე 8
- 1
ვინ არის ბრძენის მსგავსი? და ვინ იცის საგანთა ახსნა? სიბრძნე ადამიანს სახეს უნათებს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს.
- 2
გეუბნები: დაიცავი მეფის ბრძანება, ღმერთისადმი მიცემული ფიცის გამო,
- 3
ნუ იჩქარებ მისგან გამოსვლას და ცუდ საქმეში ნუ ჩადგები, რადგან რასაც ისურვებს, იმას გააკეთებს”.
- 4
ძალმოსილია მეფის სიტყვა და ვინ ეტყვის მას: რას აკეთებო?
- 5
მისი ბრძანების დამცველს ბოროტება არ შეხვდება, ჟამიც იცის და სწორი ქცევაც ბრძენკაცის გულმა,
- 6
ვინაიდან ყველა საქმეს თავისი ჟამი და წესი აქვს, თუმცა მრავალი სიავე ეწევა ადამიანს.
- 7
რადგან არ იცის რა მოხდება; და ვინ ეტყვის მას შემდეგ რა იქნება?
- 8
არავის ძალუძს სულის შეკავება, ვერავინ უფლობს სიკვდილის დღეზე, ვერავის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან და უკეთურს ვერ იხსნის მისი უკეთურება.
- 9
ეს ყველაფერი ვიხილე და გულმოდგინედ დავაკვირდი ყველა იმ საქმეს, რაც მზისქვეშეთში ხდება; ჟამი, კაცი რომ კაცზე ბატონობდა თავისავე საზიანოდ.
- 10
ვიხილე უკეთურნი, რომლებიც დაიმარხნენ, წმიდა ადგილზე რომ დადიოდნენ. დავიწყებას მიეცნენ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ; ესეც ამაოებაა.
- 11
რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე - ამიტომ მიუწევს კაცს გული ბოროტებისკენ.
- 12
თუმცა ასჯერ ჩაიდენს ცოდვილი ბოროტებას და მაინც დიდხანს ცოცხლობს, მე კი ვიცი, რომ გაიხარებენ ღვთისმოშიშნი, მის წინაშე რომ დგანან მოწიწებით.
- 13
ბოროტეულთ კი სიკეთე არ ექნებათ და ჩრდილივით ხანმოკლე იქნება მათი დღეები, ვინაიდან არ მოიშიშეს ღმერთის წინაშე.
- 14
აჰა, ამაოება, ქვეყნად რომ ხდება: არიან მართლები, ბოროტეულთა საქმეებისამებრ რომ ეზღვებათ და არიან ბოროტეულნი, მართალთა საქმეებისამებრ რომ ეზღვებათ. ვთქვი - ესეც ამაოებაა.
- 15
და მოვიწონე მხიარულება, რადგან არ ყოფილა ადამიანისთვის სხვა სიკეთე მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ ჭამოს, სვას და იმხიარულოს: სიხარული იქნება ასეთი კაცის მეგზური მის საშრომში, მისი სიცოცხლის ყოველ დღეს, ღმერთმა რომ მისცა მზისქვეშეთში.
- 16
და მოვიწონე მხიარულება, რადგან არ ყოფილა ადამიანისთვის სხვა სიკეთე მზისქვეშეთში, გარდა იმისა, რომ ჭამოს, სვას და იმხიარულოს: სიხარული იქნება ასეთი კაცის მეგზური მის საშრომში, მისი სიცოცხლის ყოველ დღეს, ღმერთმა რომ მისცა მზისქვეშეთში.
- 17
ვიხილე ღმერთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს ჩასწვდეს ყოველივეს, რაც მზისქვეშეთში ხდება: რამდენიც არ უნდა ეძიოს კაცმა ვერ ჩასწვდება. რომც თქვას ბრძენკაცმა - მე ვიციო! - მაინც ვერ შეძლებს ჩაწვდომას.