ეკლესიასტე 6
- 1
არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და ადამიანთა შორისაა გავრცელებული იგი:
- 2
კაცს, რომელსაც ღმერთმა სიმდიდრე, ქონება და პატივი მისცა, არაფერი აკლია მის სულს, ყველაფერი აქვს რაც კი ინატრა - არ აძლევს მას ღმერთი ამ ყველაფრის მოხმარების ძალას და სხვა, უცხო ვინმე შეჭამს მის ქონებას - ამაოებაა ეს და ავი სნეულება.
- 3
ასი შვილის მამაც რომ გახდეს კაცი და იცოცხლოს მრავალი წელი, რა მრავალიც არ უნდა იყოს ეს, თუ მისი სული სიკეთით არ გამძღარა და საკადრისი დაკრძალვაც არ ჰღირსებია, ვიტყვი: "დედის მუცელს მოწყვეტილი მასზე ბედნიერია!
- 4
რადგან ამაოდ მოდის და სიბნელეში მიდის, იქ დაიფარება სახელი მისი,
- 5
თუმცა, არც მზე უნახავს და არც არაფერი გაუგია; ამას მეტი შვება აქვს, ვიდრე იმ კაცს,
- 6
ორჯერ ათასი წელიც რომ იცხოვროს და სიკეთე ვერ ნახოს, რა სარგებელია, განა ყველანი მაინც ერთსა და იმავე ადგილზე არ მიდიან?
- 7
ადამიანის მთელი შრომა მისი პირისთვისაა, მაგრამ მადას მაინც ვერ იკმაყოფილებს იგი,
- 8
ვინაიდან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან რა სარგებელი აქვს ღატაკს, რომელმაც იცის როგორ იაროს ცოცხალთა წინაშე?
- 9
თვალით ნანახი სჯობს გულში ნაოცნებარს; ესეც ამაოება და ქარის დევნაა.
- 10
რაც კი არსებობს, ყოველივეს ძველთაგანვე დაერქვა სახელი და ცნობილია ვინ არის ადამიანი - თავისზე ძლიერთან დავას ვერ შეძლებს იგი.
- 11
სიტყვათა სიმრავლეში ამაოება მრავლდება. მაშ რა სარგებელი აქვს კაცს მათგან?
- 12
რადგან ვინ იცის, რა არის კარგი ადამიანისათვის ცხოვრებაში, მისი ამაო ცხოვრების დათვლილ დღეებში, რომლებიც აჩრდილივით გაქრებიან? და ვინ ეტყვის ადამიანს, თუ რა იქნება მის შემდეგ მზისქვეშეთში?