მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ეკლესიასტე 11

  1. 1

    გაატანე შენი პური წყალს და ჰპოვებ მას მრავალი დღის შემდეგ.

  2. 2

    გაანაწილე შენი წილი შვიდ ან რვა ნაწილად, ვინაიდან არ იცი, რა უბედურება შეიძლება მოხდეს ქვეყანაზე.

  3. 3

    თუ ივსებიან ღრუბლები, წვიმას ღვრიან დედამიწაზე; თუ დაეცემა ხე მიწაზე - სამხრეთით იქნება ეს თუ ჩრდილოეთით, სადაც ხე დაეცემა, იქვე იქნება ის.

  4. 4

    ქარის მომზირალი ვერ დათესავს და ღრუბლებზე დამკვირვებელი - ვერ მოიმკის.

  5. 5

    როგორც შენ არ უწყი როგორია სულის გზა და როგორ ისახება ძვლები ორსულის მუცელში, ისევე ვერ შეიცნობ ღმერთის საქმეს, რომელიც ყოველივეს შემოქმედია.

  6. 6

    დათესე დილით შენი თესლი და ნურც საღამოს მოასვენებ შენს ხელს, ვინაიდან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას - ეს თუ ის, თუ ორივე ერთნაირად კარგი იქნება.

  7. 7

    ტკბილია სინათლე და საამურია თვალისათვის მზის ხილვა.

  8. 8

    მრავალი წელიც რომ ცოცხლობდეს ადამიანი და მუდამ ხარობდეს, დაე ახსოვდეს მას სიბნელის დღენი, რამეთუ მრავალნი იქნებიან. და ყოველივე, რაც მოვა, ამაოება იქნება.

  9. 9

    გაიხარე ჭაბუკო, შენს სიყმაწვილეში და გამხიარულებდეს შენი გული სიჭაბუკის დღეებში; იარე შენი გულის გზებისა და თვალთა წადილის მიხედვით, მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამის გამო სამსჯავროზე მიგიყვანს ღმერთი.

  10. 10

    მოიშორე მწუხარება შენი გულიდან და ტკივილი - შენი სხეულიდან, რადგან სწრაფად გარბის ბავშვობა და სიჭაბუკე.