ეკლესიასტე 12
- 1
გახსოვდეს შენი შემოქმედი შენი სიჭაბუკის დღეებში, ვიდრე დაგიდგება ავი დღეები და გეწევა წლები, რომლებზეც იტყვი: "აღარ მახარებს ისინი!”
- 2
ვიდრე დაბნელდებოდეს მზე და სინათლე, მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები მობრუნდებიან წვიმის შემდეგ;
- 3
იმ დღემდე, ვიდრე აკანკალდებიან სახლის მცველნი, მოიხრებიან ძლიერი კაცები და ფქვას შეწყვეტენ მეწისქვილენი, რადგან ცოტანი დარჩნენ, ვიდრე დააკლდებათ ნათელი სარკმელში მჭვრეტელთ;
- 4
ვიდრე ჩაიკეტებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს წისქვილის ხმაური; ჩიტის ჟრიამულზე წამოდგებოდნენ და ვიდრე მიყუჩდებოდნენ მგალობელი ასულები;
- 5
ვიდრე სიმაღლის შეგეშინდებოდეს და გზაზე შიში შეგიპყრობდეს; ვიდრე აყვავდებოდეს ნუში, კალია დამძიმდებოდეს და კაპარი დაცხრებოდეს, რადგან მიდის კაცი თავის მარადიულ სახლში, მომტირალნი კი უბანში იტრიალებენ,
- 6
გახსოვდეს იგი, ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და ოქროს ფიალა დაიმსხვრეოდეს, დოქი წყაროსთან გატყდებოდეს და ბორბალი ჭაში ჩაიმსხვრეოდეს.
- 7
ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა.
- 8
"ამაოებათა ამაოება” - თქვა ეკლესიასტემ - "ყოველივე ამაოებაა!”
- 9
იმის გარდა რომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც ასწავლიდა ცოდნას და მრავალ იგავს იკვლევდა და თხზავდა.
- 10
ეძებდა ეკლესიასტე შესაფერ სიტყვებს, რათა ზუსტად დაეწერა ჭეშმარიტების სიტყვები.
- 11
ბრძენის სიტყვები შუბია და ჩაჭედილი ლურსმანი - იგავთა კრებული, ერთი მწყემსის მიერ არის ბოძებული.
- 12
უფრო მეტიც, გაფრთხილებ შვილო, რომ ბევრი წიგნების წერას ბოლო არა აქვს და ბევრი სწავლა სხეულს ძალას აცლის.
- 13
ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის;
- 14
რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს - კარგი იქნება ეს, თუ ცუდი.