ეკლესიასტე 10
- 1
როგორც მკვდარი ბუზი ამყრალებს სურნელოვან ზეთს, ისე გადასწონის მცირე სიბრიყვე სიბრძნესა და ღირსებას.
- 2
ბრძენის გული მარჯვნივ იხრება, ბრიყვისა კი - მარცხნივ.
- 3
საითაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვად რჩება და ყველა ხედავს, რომ ბრიყვია.
- 4
თუ მთავრის სული ამხედრდა შენს წინააღმდეგ, ნუ მიატოვებ შენს ადგილს, რადგან დიდი დანაშაულისგანაც კურნავს თვინიერება.
- 5
არის სიავე, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში - შეცდომა, რომელიც მთავრებს მოსდით:
- 6
ბრიყვები სიმაღლეებში დაუსვამთ, მდიდრები კი მდაბლად სხედან.
- 7
მონები ცხენებზე ამხედრებულან, მთავარნი კი მონებივით დაიარებიან ქვეყანაზე.
- 8
ორმოს ამომთხრელი - შიგ თავად ჩავარდება, ღობის გამრღვევს კი გველი უკბენს.
- 9
ქვის მთლელი ქვით ზიანდება, ხის მჭრელს კი ხისგან აქვს საფრთხე.
- 10
ბლაგვი ცული თუ არ გაილესა, მეტი ძალა დაჭირდება. წინდახედულობა წარმატებას მოგიტანს.
- 11
თუ მონუსხვამდე უკბენს გველი, მომნუსხველი რაღას არგებს?!
- 12
ბრძენი კაცის პირიდან გამოსული სიტყვები მადლიანია, ბრიყვს კი მისივე ბაგეები შთანთქავს,
- 13
დასაწყისში - სიბრიყვეა მისი ბაგის სიტყვები, მისი საუბრის ბოლო კი - ავი სიგიჟე.
- 14
მრავალსიტყვიანობს ბრიყვი, თუმცა კაცმა არ იცის რა მოხდება და ვინ ეტყვის მას რა იქნება მის შემდეგ?
- 15
სულელს მისივე გარჯა ქანცავს, რადგან არ იცის მან ქალაქისაკენ მიმავალი გზა.
- 16
ვაი შენ, ქვეყანავ, მეფედ ყრმა რომ გყავს და შენი მთავარნი დილიდანვე რომ სხდებიან მოსალხენად.
- 17
კურთხეული ხარ, ქვეყანავ, თუ კეთილშობილთა ძეა შენი მეფე და თავის დროზე ჭამენ პურს შენი მთავრები, ძალღონის მოსაკრებად და არა სათრობად.
- 18
სიზარმაცის გამო ჭერი ინგრევა და ხელების დაკრეფით სახლში წვეთავს.
- 19
სამხიარულოდ მართავენ ნადიმს, ღვინო ცხოვრებას ახალისებს, ვერცხლი კი ყველაფრის პასუხია.
- 20
შენს ფიქრებშიც კი ნუ დასწყევლი მეფეს; ნურც საწოლ ოთახში - მდიდარს, რადგან ცის ფრინველი წაუღებს ნათქვამს და ფრთოსანი მოუთხრობს ამბავს.