იგავნი 8
- 1
განა არ მოუხმობს სიბრძნე და ხმას არ იმაღლებს გონიერება?
- 2
მაღლობთა მწვერვალებზე დგას, გზებსა და გზაჯვარედინებზე,
- 3
კარიბჭეებთან, ქალაქის შესასვლელთან, ჭიშკრებთან ღაღადებს:
- 4
თქვენ მოგიხმობთ კაცნო, ადამის ძეთ მიმართავს ჩემი ხმა.
- 5
შეიგნეთ გამჭრიახობა გულუბრყვილნო და სიბრძნე - უგუნურნო.
- 6
ისმინეთ, რადგან უმთავრესზე ვილაპარაკებ; გავხსნი ბაგეებს სიმართლის სათქმელად.
- 7
რადგან, ჭეშმარიტებას წარმოსთქვამს ჩემი პირი და ბოროტება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის.
- 8
სამართლიანია ყოველი ნათქვამი ჩემი პირისა, მზაკვრული და მრუდე არაფერია მათში.
- 9
წრფელია ყოველი მათგანი გამგებისთვის და მართებული - ცოდნის მპოვნელისთვის.
- 10
აიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი; ცოდნა და არა რჩეული ოქრო.
- 11
რადგან, ძვირფას თვლებზე უკეთესია სიბრძნე, ვერავითარი სანატრელი რამ ვერ შეედრება”.
- 12
მე, სიბრძნე, გონიერებასთან ვმკვიდრობ და ცოდნასა და წინდახედულობას ვპოვებ.
- 13
უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.
- 14
ჩემთანაა რჩევა და ჯანსაღი სიბრძნე; მე ვარ გონიერება და მაქვს ძლიერება.
- 15
ჩემით მეფობენ მეფენი და აწესებენ სამართალს ხელისუფალნი,
- 16
ჩემით მთავრობენ მთავარნი და კეთილშობილნი, ქვეყნის ყველა მოსამართლე.
- 17
მიყვარს ჩემი მოყვარულნი და გულმოდგინედ მაძიებელნი მიპოვნიან.
- 18
ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
- 19
ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უმჯობესია და ჩემი მოსავალი - რჩეულ ვერცხლზე.
- 20
სიმართლის გზით დავდივარ, სამართლიანობის ბილიკების შუაგულში,
- 21
რათა სიმდიდრე დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულებს და ავავსო მათი საგანძურები.
- 22
თავისი გზის დასაწყისშივე ვყავდი უფალს, თავის ქმნილებამდე, ძველთაგანვე.
- 23
ოდითგანვე ვარ ცხებული, თავიდანვე - დედამიწის უწინარეს.
- 24
მაშინ გამოვჩნდი, როცა არც უფსკრულები იყო და არც უხვი წყაროს წყლები.
- 25
სანამ მთები დადგინდებოდნენ, ბორცვებზე ადრე გამოვჩნდი.
- 26
როცა არც დედამიწა იყო შექმნილი, და არც მინდვრები და ქვეყნიერების პირველი მტვერი.
- 27
იქ ვიყავი ცათა დაფუძნებისას, როცა წრე შემოავლო ზღვის ზედაპირს,
- 28
როცა მაღლა ღრუბლებს ამაგრებდა და უფსკრულში წყაროებს აძლიერებდა,
- 29
როცა წესი დაუდგინა ზღვებს, რათა წყლებს არ გადაელახათ მათი ნაპირი და ბრძანებით დაადგინა დედამიწის საფუძვლები.
- 30
ხუროთმოძღვარივით გვერდში ვყავდი, დღენიადაგ მისი სიხარული ვიყავი და ყოველთვის ვხარობდი მის წინაშე:
- 31
ვხარობდი სამყაროთი და ქვეყნიერებით, ადამიანის ძეებში იყო ჩემი ნეტარება.
- 32
ამიტომ მისმინეთ ახლა, შვილებო, რადგან ნეტარნი არიან ჩემი გზების შემნახველნი.
- 33
ისმინეთ ჩემი დარიგება და დაბრძენდით, ნუღარ წაუყრუებთ.
- 34
ნეტარია კაცი, ვინც მისმენს, ყოველდღე ფხიზლობს ჩემს კართან და ჩემი შესასვლელის ზღურბლთან მომელის.
- 35
რადგან ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს ჰპოვებს და კეთილგანწყობას იღებს უფლისგან.
- 36
ჩემს წინააღმდეგ შემცოდე კი თავს იზიანებს. ყოველ ჩემს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.