იგავნი 9
- 1
სიბრძნემ სახლი აიშენა თავისთვის და გამოკვეთა მისი შვიდი სვეტი,
- 2
დაკლა თავისი საკლავი, თავისი ღვინო შეაზავა და თავისი სუფრა გაშალა.
- 3
წარგზავნა თავისი მხევალნი, რათა მოეხმოთ ქალაქის მაღლობებიდან:
- 4
"ვინც გულუბრყვილოა, აქეთ შემოუხვიოს”. გონიერებას მოკლებულთ კი ეუბნება:
- 5
"მოდით, ჭამეთ ჩემი პური და სვით ღვინო - ჩემ მიერ შეზავებული;
- 6
მიატოვეთ გულუბრყვილობა, იცოცხლეთ, იარეთ გონიერების გზით”.
- 7
მქირდავის დამრიგებელი დამცირებას იღებს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას.
- 8
ნუ ამხელ მქირდავს, თორემ შეგიძულებს; შეაგონე ბრძენს და შეგიყვარებს.
- 9
შეაგონე ბრძენი და უფრო დაბრძენდება, დამოძღვრე მართალი და ცოდნას გაიმრავლებს.
- 10
სიბრძნის საწყისი უფლის შიშია და წმიდის შემეცნება - გონიერება.
- 11
ვინაიდან ჩემით გაგიმრავლდება დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
- 12
თუ დაბრძენდი, შენთვის დაბრძენდი და თუ მქირდავი ხარ, შენვე დაზარალდები.
- 13
უგუნური ქალი მოლაყბეა, ბრიყვია და არაფრის მცოდნე.
- 14
დაჯდება თავისი სახლის ზღურბლზე, ქალაქის ამაღლებულ, საპატიო ადგილებზე,
- 15
რათა მოუხმოს გამვლელთ, თავის გზაზე მდგომთ:
- 16
"ვინც გულუბრყვილოა, აქეთ გადმოუხვიოს”. გონიერებას მოკლებულთ კი ეუბნება:
- 17
"ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია ჩუმად შეჭმული პური”.
- 18
არც კი იციან, რომ მკვდრები არიან იქ, შავეთის ჯურღმულებში - მის მიერ ხმობილნი.