იგავნი 7
- 1
შვილო, ჩემი ნათქვამი დაიცავი და შენში დაიუნჯე ჩემი მცნებანი.
- 2
დაიცავი ჩემი მცნებები და მოძღვრებები, როგორც საკუთარი თვალის ჩინი და იცოცხლებ.
- 3
თითებზე დაიბნიე და გულის ფიცარზე დაიწერე.
- 4
უთხარი სიბრძნეს: "ჩემი და ხარ შენ” და ახლო მეგობარი უწოდე გონიერებას.
- 5
რათა დაგიფაროს სხვისი ცოლისგან, უცხო ქალისგან, ლაპარაკით რომ ხიბლავს;
- 6
ვინაიდან, გავიხედე ჩემი სახლის სარკმლიდან და დარაბიდან
- 7
და დავინახე გულუბრყვილონი, ვაჟებს შორის უგუნური ყმაწვილი შევამჩნიე.
- 8
ქუჩაზე გადამავალი, ქალის სახლის კუთხესთან; მისი სახლის გზას დაადგა,
- 9
შებინდებულზე, შუაღამესა და წყვდიადში.
- 10
და აი, მეძავივით შემოსილი ქალი გამოეგება, ცბიერი გულით;
- 11
დაუდგრომელი და ურჩია იგი, შინ ფეხს ვერ აჩერებს:
- 12
ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე, ყოველ კუთხეში საფრდება;
- 13
ჩაებღაუჭა, კოცნის და ურცხვად ეუბნება:
- 14
"სამშვიდობო მსხვერპლი აღვუთქვი და დღეს აღვასრულე ჩემი დანაპირები,
- 15
ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, გეძებდი და კიდეც გიპოვე!
- 16
ფარდაგებით მოვფინე ჩემი სარეცელი, ეგვიპტის ნაქარგი ქსოვილით,
- 17
მური ვაპკურე ჩემს საწოლს, ალოე და დარიჩინი,
- 18
შემოდი, დილამდე გავძღეთ სიყვარულით, ვინეტაროთ ალერსით!
- 19
რადგან სახლში არ არის ჩემი ქმარი, შორ გზაზე წავიდა.
- 20
ფულით სავსე ქისა წაიღო, შინ სავსე მთვარისას დაბრუნდება.
- 21
მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი.
- 22
მყისვე უკან გაჰყვა დასაკლავი ხარივით და შებორკილი სულელივით, დასასჯელად რომ მიჰყავთ.
- 23
ფრინველივით იჩქარის მახისკენ, სანამ ისარი არ დალახვრავს მის ღვიძლს; ის კი არ იცის, რომ სულს დაიღუპავს.
- 24
ამიტომ, მისმინეთ ახლა შვილებო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს:
- 25
ნუ გადაუხვევს თქვენი გულები იმ ქალის გზებისკენ და ნურც მის ბილიკებზე იხეტიალებთ,
- 26
რადგან მრავალი დასცა მან განგმირული, თვლა არ აქვს მისგან დახოცილთ.
- 27
მისი სახლი ქვესკნელის გზაა, მკვდართა სამყოფელში ჩამავალი.