იგავნი 6
- 1
შვილო, თუ თავდებად ჩადექი შენი ახლობლისთვის და ხელი ხელზე დაარტყი უცხოსათვის,
- 2
მახეში გაები შენი ბაგის ნათქვამით; დაჭერილი ხარ შენი სიტყვით.
- 3
თუ ხელში ჩაუვარდი ახლობელს, ასე მოიქეცი შვილო და გადაირჩენ თავს: წადი, თავი დაიმდაბლე და ევედრე.
- 4
თვალებს ძილს ნუ მიაკარებ და ქუთუთოებს - რულს,
- 5
გადაირჩინე თავი, როგორც შველმა მონადირის ხელიდან და ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
- 6
ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე.
- 7
არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი;
- 8
ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს.
- 9
როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ?
- 10
ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულზე ხელის დაკრეფა მოსასვენებლად,
- 11
და მაწანწალასავით მოგადგება სიღატაკე და იარაღიანი კაცივით - გაჭირვება.
- 12
უღირსი ადამიანი, ბოროტი კაცი, უკუღმართი პირით დაიარება,
- 13
თვალს ჩაუკრავს, ფეხებითა და თითებით ანიშნებს.
- 14
უკუღმართობაა მის გულში, გამუდმებით ბოროტს განიზრახავს და შუღლს ავრცელებს.
- 15
ამის გამო უეცრად დაატყდება უბედურება, მყისიერად შეიმუსრება და არ ექნება კურნება.
- 16
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება:
- 17
ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები,
- 18
ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები,
- 19
ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი.
- 20
შვილო, მამაშენის მცნებები დაიცავი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
- 21
განუწყვეტლივ გულზე გქონდეს შებმული, ყელზე მოხვეული.
- 22
სიარულისას წინ წაგიძღვება, ძილში გიდარაჯებს და გამოღვიძებულს დაგელაპარაკება.
- 23
რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება - სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა.
- 24
რათა დაგიფაროს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
- 25
ნურც მის სილამაზეს ისურვებ გულში და ნურც მისი თვალების ხამხამი გაგიტაცებს,
- 26
რადგან მეძავი ქალის გამოა ლუკმა პურამდე რომ მათხოვრდებიან; სხვისი ცოლი კი შენს ძვირფას სულზე ნადირობს.
- 27
განა ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსის დაუწველად?
- 28
ნაკვერჩხლებზე თუ გაივლის ვინმე ფეხების დაუწველად?
- 29
ასევეა მოყვასის ცოლთან მიმსვლელიც; დაუსჯელი ვერ გადარჩება, ვინც მოყვასის ცოლს მიეკარება.
- 30
არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ შიმშილის დასაკმაყოფილებლად მოიპარავს;
- 31
მაგრამ თუ წაასწრებენ, შვიდმაგად ზღავს, თავისი სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.
- 32
ვინც ქალთან მრუშობს - ჭკუანაკლულია; თავს იღუპავს, ვინც ამას სჩადის.
- 33
გვემასა და შერცხვენას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
- 34
რადგან ეჭვი განარისხებს კაცს და არ დაინდობს შურისძიების დღეს,
- 35
არც რაიმე გამოსასყიდს მიიღებს და არც ძღვენთა სიმრავლეს დათანხმდება.