იგავნი 5
- 1
შვილო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას,
- 2
რათა შეგეძლოს განსჯა და ცოდნის სადარაჯოზე იყვნენ შენი ბაგენი.
- 3
რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი.
- 4
ნაღველივით მწარეა მისი ბოლო და ბასრი - ორლესული მახვილივით.
- 5
სიკვდილში ჩადის მისი ფეხები, ქვესკნელისკენ მიემართება მისი ნაბიჯები.
- 6
სიცოცხლის გზაზე არ ფიქრობს, არამყარია მისი გზები, ვერაფერი გაუგია.
- 7
ახლა მე მომისმინეთ შვილებო და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს.
- 8
შორს იყოს მისგან შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები,
- 9
თორემ, სხვებს მისცემ შენს ძალას და წლებს შენსას - დაუნდობელს,
- 10
შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი - უცხოტომელისა.
- 11
ბოლოს კი აკვნესდები, როცა ჩამოგიხმება ხორცი და ტანი,
- 12
იტყვი: "როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა;
- 13
არც ჩემს მასწავლებელს მოვუსმინე და არც ჩემს დამრიგებელს დავუგდე ყური.
- 14
ლამის საბოლოოდ გავნადგურდი ხალხსა და კრებულში”.
- 15
სვი წყალი შენი წყალსატევიდან და ნაკადული შენი ჭიდან,
- 16
რად უნდა იღვრებოდეს შენი წყაროები ქუჩაში და წყლის ნაკადები - მოედნებზე?
- 17
მხოლოდ შენი იყოს ისინი და არ შეგეზიარონ უცხონი.
- 18
კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყმაწვილის ცოლით,
- 19
მოსიყვარულე ფურ-ირმითა და მადლიანი ქურციკით. დაე, მისი მკერდი გარწყულებდეს ყოველთვის და მუდამ გიტაცებდეს მისი სიყვარული!
- 20
შვილო, რად უნდა გატყვევებდეს უცხო ქალი და ეხვეოდე მკერდს უცხოტომელისას?
- 21
რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზანი და მის ყველა ბილიკს ის სწონის.
- 22
ბოროტეული საკუთარი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება.
- 23
შეგონების გარეშე მოკვდება იგი და თავისი სიბრიყვის სიმრავლით დაიკარგება.