მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

იგავნი 4

  1. 1

    ისმინეთ შვილებო მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, რომ გონიერება შეიძინოთ.

  2. 2

    რადგან ჯანსაღ მოძღვრებას გაძლევთ; ჩემს შეგონებებს ნუ მიატოვებთ.

  3. 3

    რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი.

  4. 4

    მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო.

  5. 5

    შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.

  6. 6

    არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.

  7. 7

    მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.

  8. 8

    დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.

  9. 9

    ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.

  10. 10

    ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.

  11. 11

    სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.

  12. 12

    გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.

  13. 13

    ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.

  14. 14

    ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.

  15. 15

    ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.

  16. 16

    რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.

  17. 17

    რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.

  18. 18

    მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.

  19. 19

    ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.

  20. 20

    შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.

  21. 21

    თვალი არ მოაშორო, გულის წიაღში შეინახე.

  22. 22

    რადგან სიცოცხლეა იგი მისი მპოვნელისთვის და კურნებაა მისი სხეულისთვის.

  23. 23

    ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.

  24. 24

    მოიცილე მზაკვრობა ბაგიდან და უკუღმართი საუბარი განიშორე.

  25. 25

    წინ იყურონ შენმა თვალებმა და პირდაპირი იყოს შენი მზერა შენს წინაშე.

  26. 26

    მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა განმტკიცდება.

  27. 27

    ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; განაშორე ფეხი ბოროტებას.