იგავნი 3
- 1
შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
- 2
დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
- 3
წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
- 4
მადლსა და კეთილგონიერებას მოიპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.
- 5
მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.
- 6
ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
- 7
ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
- 8
კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და სინედლე შენი ძვლებისთვის.
- 9
პატივი ეცი უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველნაყოფიდან;
- 10
და დოვლათით გაივსება შენი ბეღლები და მაჭარი იდინებს შენი საწნახლიდან.
- 11
შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება.
- 12
რადგან, ვინც უყვარს უფალს, იმას სჯის კიდეც, როგორც მამა - შვილს, თავის საქებარს!
- 13
ნეტარია კაცი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი - გონიერების მომხვეჭი!
- 14
რადგან მისით მონახვეჭი ვერცხლით მონახვეჭს სჯობია და შემოსავალი - ბაჯაღლოს.
- 15
მარგალიტზე ძვირფასია იგი და შენი არც ერთი საწადელი არ შეედრება მას.
- 16
დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში - სიმდიდრე და პატივი.
- 17
მისი გზები საამურია, ბილიკები - მშვიდობიანი.
- 18
სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ჩაეჭიდა მას და ნეტარნი არიან მასზე ჩაბღაუჭებულნი.
- 19
უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონიერებით განამტკიცა ცანი.
- 20
ჯურღმულნი გაიპო მისი ცოდნით და ცვარს აფრქვევენ ღრუბელნი.
- 21
შვილო, ნუ მიეფარება შენს თვალს ისინი, ჯანსაღი აზრი და ავკარგიანობა დაიცავი.
- 22
და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად - შენი ყელისთვის.
- 23
მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზებზე და ფეხი შენი არ წაბორძიკდება.
- 24
როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი.
- 25
არც უეცარი შიში შეგაძრწუნებს და არც სიავე, ბოროტეულთაგან რომ მოვა,
- 26
რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და ის დაიფარავს შენს ფეხს მახისგან.
- 27
ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება,
- 28
ნუ ეტყვი მოყვასს: "წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ!” თუ მისაცემი თან გაქვს.
- 29
ნუ განიზრახავ ბოროტებას შენი მოყვასისთვის, როცა დანდობილად ცხოვრობს იგი შენს გვერდით.
- 30
ნურც უმიზეზოდ შეედავები კაცს, თუ არ უბოროტია შენთვის.
- 31
ნუ შეგშურდება მოძალადე კაცისა, მის ნურც ერთ გზას ნუ აირჩევ;
- 32
რადგან მზაკვარნი საძაგელნი არიან უფლის წინაშე, წრფელებთან კი ახლობლობს იგი.
- 33
უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა სამკვიდრებელს კი აკურთხებს.
- 34
დამცინავთ დასცინის, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
- 35
ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ბრიყვთა მემკვიდრეობა კი დამცირებაა.