იგავნი 2
- 1
შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,
- 2
ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,
- 3
რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.
- 4
რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.
- 5
მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.
- 6
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
- 7
მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,
- 8
იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
- 9
მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.
- 10
თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,
- 11
გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
- 12
რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
- 13
სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
- 14
ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,
- 15
რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,
- 16
რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
- 17
რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა,
- 18
რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.
- 19
იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
- 20
რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,
- 21
რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.
- 22
ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.