იგავნი 1
- 1
იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.
- 2
სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად;
- 3
ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად.
- 4
ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად.
- 5
გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა.
- 6
რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.
- 7
უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
- 8
ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
- 9
რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.
- 10
შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას.
- 11
თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
- 12
შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო,
- 13
მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო,
- 14
წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, -
- 15
შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,
- 16
რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.
- 17
ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:
- 18
თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან.
- 19
ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.
- 20
სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას;
- 21
ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას:
- 22
როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?
- 23
მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
- 24
ვინაიდან მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო.
- 25
უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.
- 26
და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ;
- 27
როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
- 28
მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან,
- 29
რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს,
- 30
არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,
- 31
იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.
- 32
რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა.
- 33
ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება.