იგავნი 28
- 1
ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს, მართალი კი ლომივით გაბედულია.
- 2
ამბოხის დროს ქვეყანაში მთავარნი მრავლდებიან; გონიერი და მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა.
- 3
მდაბიოთა მჩაგვრელი ღარიბი, კოკისპირულ წვიმასავითაა, პურს რომ ანადგურებს.
- 4
რჯულის მიმტოვებელნი ბოროტს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ებრძვიან მათ.
- 5
ბოროტს სამართლის არაფერი გაეგება, უფლის მაძიებელნი კი ყველაფერს ხვდებიან.
- 6
სწორად მავალი ღარიბი სჯობს, უკუღმართი გზებით მოსიარულე მდიდარს.
- 7
რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს
- 8
ვინც ვახშითა და სარგებლით იხვეჭს სიმდიდრეს ღატაკთა მწყალობელთათვის აგროვებს მას.
- 9
ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სისაძაგლეა.
- 10
ვინც მართალს აცდუნებს და ბოროტების გზაზე აყენებს, თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება, უბიწონი კი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.
- 11
მდიდარს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას.
- 12
მართალთა ზეიმისას დიდება მრავლდება, ბოროტის აღზევებისას კი ხალხი იმალება.
- 13
ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.
- 14
ნეტარია კაცი, რომელიც მუდმივად ფრთხილობს, გულის გამქვავებელი კი უბედურებაში ჩავარდება.
- 15
მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვია ბოროტი ბატონი ღატაკი ხალხისთვის.
- 16
გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
- 17
ადამიანის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე ირბენს. ნურავინ დაეხმარება მას.
- 18
უბიწოდ მავალი კაცი გადარჩება, უკუღმართი გზებით მოარული კი უეცრად დაეცემა.
- 19
თვისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი სიღარიბით დანაყრდება.
- 20
ერთგულ კაცს უამრავი კურთხევა ექნება, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი არ დარჩება.
- 21
მიკერძოება არ არის კარგი, ასეთი კაცი ლუკმაპურისთვისაც ჩაიდენს დანაშაულს.
- 22
ხარბი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის; ის კი არ იცის, რომ გაჭირვება ეწევა.
- 23
მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ მადლს ჰპოვებს, ვიდრე პირფერი ენის პატრონი.
- 24
ვინც თავის მამას და დედას ართმევს და ამბობს: დანაშაული არ არისო, ის დამღუპველი კაცის ამხანაგია.
- 25
ამპარტავანი კაცი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებულს კი წარმატება ექნება.
- 26
საკუთარ გონებას მინდობილი უგუნურია, ბრძნულად მოარული კი გადარჩება.
- 27
ვინც ღარიბს აძლევს, არ გაუჭირდება, ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, მრავალ წყევლას მიიღებს.
- 28
ბოროტთა აღზევებისას ხალხი იმალება, მათი დაღუპვისას კი მართალნი მრავლდებიან.