იგავნი 29
- 1
კაცი, რომელიც მრავალი მხილებისას ქედს არ იდრეკს, უცაბედად განადგურდება და კურნება არ ექნება.
- 2
მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, უმართლოთა ბატონობისას კი კვნესის.
- 3
სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს, მეძავთა მადევარი - ქონებას ანიავებს.
- 4
მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, ქრთამის ამღები კაცი კი დააქცევს მას.
- 5
მოყვასთან მლიქვნელი, ბადეს უგებს მას ფეხქვეშ.
- 6
ბოროტი კაცი თავისივე დანაშაულის ხაფანგშია გაბმული, მართალი კი მღერის და ხარობს.
- 7
იცის მართალმა ღარიბთა უფლებები, უკეთურს კი არც უნდა რომ იცოდეს.
- 8
თავქარიანები ცეცხლს უკიდებენ ქალაქს, ბრძენნი კი უკუაქცევენ რისხვას.
- 9
უგუნურ კაცთან მოდავე ბრძენს, ბრაზობს თუ იცინის, არ აქვს მოსვენება.
- 10
სისხლისმღვრელ კაცს სძულს უბიწო, წრფელნი კი მის სიცოცხლეს მფარველობენ.
- 11
ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის, ბრძენი კი - თავშეკავებულია.
- 12
ბატონი, რომელიც ყურს უგდებს ტყუილ სიტყვას, ყველა მისი მსახური უკეთურდება.
- 13
ღატაკსა და მჩაგვრელს ერთი აქვთ საერთო; ორივესთვის უფალია თვალის ჩინის მიმცემი.
- 14
მეფე, რომელიც სიმართლით განიკითხავს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს.
- 15
წკეპლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი დედას არცხვენს.
- 16
ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაულიც მრავლდება; მართალნი კი მოესწრებიან მათ დაცემას.
- 17
დასაჯე შენი შვილი და მოგასვენებს, სულს დაგიამებს.
- 18
ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი; რჯულის დამცველი კი ნეტარია.
- 19
სიტყვით არ გაიწვრთნება მონა, რადგან რომც გაიგოს, არ შეისმენს.
- 20
გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
- 21
სიყმაწვილიდანვე განებივრებული მონა შემდგომში მემკვიდრედ გაგიხდება.
- 22
მრისხანე კაცი შფოთს იწვევს, გულფიცხი - მრავალ დანაშაულს.
- 23
ქედმაღლობა კაცს დაამდაბლებს, თავმდაბალი სული კი პატივს დაიმკვიდრებს.
- 24
ქურდის მოზიარეს სძულს საკუთარი სიცოცხლე, ესმის რომ აფიცებენ, მაგრამ არაფერს ამბობს.
- 25
ადამიანის მოშიშარს მახე დაეგება, უფალზე დანდობილი კი - დაცული იქნება.
- 26
მრავალნი ეძებენ მთავართა კეთილგანწყობას, მაგრამ კაცთა განკითხვა უფლისაგან არის.
- 27
უსამართლო კაცი სისაძაგლეა მართალთათვის და სწორი გზით მოსიარულე სიბილწეა ბოროტეულთათვის.