იგავნი 27
- 1
ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.
- 2
სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
- 3
მძიმეა ქვა და ქვიშის ტვირთი, სულელის ბრაზი კი ორივეზე მძიმეა.
- 4
მრისხანება სისასტიკეა, რისხვა წამლეკავია, მაგრამ შურს ვინ დაუდგება წინ?
- 5
აშკარა მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს.
- 6
მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მოძულე კი კოცნით აგავსებს.
- 7
მაძღარი გოლეულსაც დაიწუნებს, მშიერს კი ყოველივე მწარეც ეტკბილება.
- 8
თავისი ბუდის მიმტოვებელი ჩიტივითაა კაცი, რომელიც თავის სახლს ტოვებს.
- 9
ნელსაცხებელი და საკმეველი გულს ახარებს, ხოლო მეგობრის რჩევა უფრო ტკბილია.
- 10
შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ; ნურც შენი ძმის სახლში მიხვალ შენი უბედურების დღეს. ახლო მეზობელი გერჩიოს შორს მყოფ ძმას.
- 11
ბრძენი იყავ შვილო და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემზე აუგის მთქმელს.
- 12
წინდახედული ხედავს საფრთხეს და თავს არიდებს, გულუბრყვილონი კი აგრძელებენ სიარულს და ისჯებიან.
- 13
აიღე მისი ტანსაცმელი, ვინც უცნობს დაუდგა თავდებად; უცხოტომელის წილად გამოართვი მას გირაო.
- 14
თუ ვინმე დილაადრიან ხმამაღლა აკურთხებს თავის მეგობარს - წყევლად ჩაეთვლება ეს.
- 15
რაღა წვიმიან დღეს მჟონავი სახურავი, და რაღა ანჩხლი ცოლი;
- 16
გინდა ასეთი ქალი შეგიფარია და გინდა ქარი ან ზეთი დაგიჭერია მარჯვენა ხელით.
- 17
რკინა რკინას ლესავს, კაცი კი - თავისი მოყვასის სახეს.
- 18
ლეღვის მომვლელი მის ნაყოფს შეჭამს, თავისი ბატონის მომვლელი პატივდებული იქნება.
- 19
როგორც წყალი ირეკლავს სახეს, ისე ირეკლავს კაცის გული კაცს.
- 20
როგორც ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაუმაძღარი ასე ადამიანის თვალიც გაუმაძღარია.
- 21
ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, კაცი კი ქებით გამოიცდება.
- 22
ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, კაცი კი ქებით გამოიცდება.
- 23
კარგად იცნობდე შენს ფარას, ყურადღებით იყავი შენი ნახირის მიმართ,
- 24
ვინაიდან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობაში.
- 25
გაითიბა ბალახი და ამოიწვერა ჯეჯილი, მთის ბალახს მოიმარაგებენ;
- 26
და გეყოლება ბატკნები შენი სამოსლისთვის და თხები - მინდვრის საფასურისთვის.
- 27
საკმარისი იქნება თხის რძე შენთვის, შენი სახლეულისა და შენი მოახლეების გამოსაკვებად.