იგავნი 26
- 1
უგუნურს ისე არ შეჰფერის პატივი, როგორც ზაფხულს თოვლი და მოსავლის აღებას წვიმა.
- 2
ისევე არ მოეწევა კაცს დაუმსახურებელი წყევლა, როგორც ბეღურის გაფრენა ან მერცხლის ნავარდი.
- 3
მათრახი - ცხენისთვის, აღვირი - ვირისთვის, ჯოხი კი - უგუნურთა ზურგისთვის.
- 4
ბრიყვს მისი სიბრიყვისამებრ ნუ უპასუხებ, რათა არ დაემსგავსო მას.
- 5
ბრიყვს მისი სიბრიყვისამებრ უპასუხე, თორემ თავი ბრძენი ეგონება.
- 6
საკუთარ ფეხებს იჭრის და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.
- 7
რაღა კოჭლის უსარგებლო ფეხები და რაღა ბრიყვის ბაგეზე იგავი.
- 8
ბრიყვისთვის პატივის მიგება იგივეა, რაც შურდულზე ქვის მიბმა.
- 9
როგორც მთვრალი კაცის ხელში მოხვედრილი ეკალი, ისეა იგავი ბრიყვის ბაგეზე.
- 10
რაღა მშვილდოსანი ყველას რომ ესვრის და რაღა ბრიყვისა და გამვლელის დამქირავებელი.
- 11
როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სისულელეს.
- 12
გინახავს ადამიანი, თავი ბრძენკაცად რომ მიაჩნია? მასზე მეტი იმედი აქვს ბრიყვს.
- 13
ზარმაცი ამბობს: ლომიაო გზაზე, ლომიაო შუა მოედანზე.
- 14
კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ხოლო ზარმაცი - თავის ლოგინზე.
- 15
ზარმაცი ხელს ჯამში ყოფს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.
- 16
ზარმაცი უფრო ბრძენია საკუთარ თვალში, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
- 17
გინდა ძაღლი ყურებით დაუჭერია კაცს და გინდა იმ ჩხუბში ჩარეულა, მას რომ არ ეხება.
- 18
რაღა ცეცხლის, ისრებისა და სიკვდილის მფრქვეველი გიჟი
- 19
და რაღა ის, ვინც თავის მოყვასს ატყუებს და თან ეუბნება, გეხუმრეო.
- 20
შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება.
- 21
როგორც ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის, ისეა შარიანი კაცი ჩხუბის გაჩაღებისთვის.
- 22
ნუგბარივით გემრიელია ჭორიკანას სიტყვები, შიგნეულობამდე აღწევს.
- 23
გაცეცხლებული ბაგეები და ბოროტი გული ისეა, როგორც წიდიანი ვერცხლით დაფარული თიხა.
- 24
მოძულე კაცი თავისი ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკვრობა უდევს;
- 25
ნუ ენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან შვიდი სისაძაგლეა მის გულში;
- 26
სიძულვილს სიცრუით ფარავს, მისი ბოროტება კრებულში გამოჩნდება.
- 27
ორმოს გამთხრელი თვითონვე ჩავარდება შიგ, ქვა მისვე დამგორებელს გაჭყლეტს.
- 28
მატყუარა ენას სძულს თავის მიერ შემუსვრილნი; მლიქვნელი პირი დამანგრეველია.