იგავნი 25
- 1
ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფის, ხიზკიას კაცებმა გადაიწერეს.
- 2
საქმის დაფარვა ღმერთის დიდებაა, ხოლო საქმის გამოკვლევა - მეფეთა დიდება.
- 3
როგორც ზეცაა მაღალი, და დედამიწა - ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.
- 4
გააცალკევე ვერცხლისგან წიდა და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს;
- 5
მოაშორეთ მეფეს ბოროტეული და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.
- 6
მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,
- 7
რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.
- 8
ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?
- 9
იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,
- 10
თორემ გამხელს გამგონი და სახელი გაგიტყდება.
- 11
მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია - დროულად ნათქვამი სიტყვა.
- 12
ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა ბრძენის დარიგება გამგონე ყურისთვის.
- 13
როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის - სულს უგრილებს თავის ბატონს.
- 14
რაღა ფუჭი საჩუქრებით მოტრაბახე კაცი და რაღა უწყლო ღრუბლები და ქარი.
- 15
დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.
- 16
თაფლს მიაგენი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, რომ არ გამოძღე და უკანვე არ ამოანთხიო.
- 17
ხშირად ნუ ივლი მეზობლის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.
- 18
კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი, რომელიც სიცრუეს ამოწმებს თავისი მოყვასის წინააღმდეგ.
- 19
რაღა მორყეული კბილისა და ნაღრძობი ფეხის იმედი გქონებია და რაღა ორგული კაცისა გასაჭირის დღეს.
- 20
რაღა ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში ან ძმარი დაგისხამს ტუტეზე და რაღა სიმღერა შემოგიძახებია გულდამწუხრებული კაცისთვის.
- 21
თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია - წყალი დაალევინე,
- 22
ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
- 23
ჩრდილოეთის ქარს წვიმა მოაქვს, ფარულად მიტანილ ენას - მრისხანე სახე.
- 24
სხვენის კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ სახლში ცხოვრებას.
- 25
როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის, ისეა კარგი ამბავი შორეული ქვეყნიდან.
- 26
როგორც ატალახებული ნაკადული და გაბინძურებული წყაროსთავი, ისეა ბოროტის წინაშე დაცემული მართალი.
- 27
არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიებაა ღირსება.
- 28
უგალავნო, დანგრეული ქალაქივითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს.